“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – ახალი ბრალდებების მიზეზი მიხეილ სააკშვილის კიდევ ერთი განცხადებაა.
“მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და შესაძლებლობაზე – მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე,” – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
მანამდე კი ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება სასამართლო სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ თუ ვინმეს სურს პარტიის შიგნიდან მისი ლანძღვა, სჯობს, დატოვოს “ნაციონალური მოძრაობა”. სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ პარტიაში საჭიროა ახალი სახეები.
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, ექსპრეზიდენტის განცხადებების შემდეგ ყველაზე მეტი მცდელობა იქნება, პარტიას ლევან ხაბეიშვილი ჩამოაცილონ.
“ყველაზე მეტი მცდელობა იქნება ახლა ლევან ხაბეიშვილი მოაცილონ მაქაურობას და მას გადააბრალონ, თურმე მარტო ის არის დამნაშავე იმაში, რაც ხდება. ვინც მოიყვანა, ის ეცდება მის ჩანაცვლებას ამა თუ იმ ფორმით. საბოლოო ჯამში ფაქტი სახეზეა, ასეთი დაზიანებული, დემოტივირებული და არაანგარიშგასაწევი ძალა “ნაციონალური მოძრაობა” არასოდეს არ ყოფილა. ასე მარტივად ვერ იქნება მანდ, დახოცავენ ერთმანეთს ამ სიებზე. მე ვერ დავეთანხმები, რომ კრიტიკა და განსხვავებული აზრის არსებობა არის პარტიის ლანძღვა, ამას ვერასდროს ვერ დავეთანხმები, ვინც არ უნდა იყოს. ძალიან რთული იყო მეფიქრა, რომ თურმე გია ბარამიძეს გულისხმობდა,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრის ანა წითლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სტატუსებით ენმ-ს წევრებს მოუწოდებს, რომ ახლა არა შიდაპარტიული არეულობების, არამედ ერთიანობის დროა.
„მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ნებისმიერი შიდაპარტიული არეულობა და შიდაპარტიული გაუგებრობების მცდელობა არის ის, რაც უნდა დასრულდეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს უწყობს შიდაპარტიულ არეულობას, მოუწოდა, რომ თუ რაღაც არ მოსწონთ ამ პარტიაში შეუძლიათ წავიდნენ. მისი ბოლო სტატუსი, რომელიც ნიკა მელიას ეხებოდა შეუძლიათ ამ ადამიანებს ჩათვალონ როგორც ბოლო გაფრთხილება და მოწოდება ერთიანობისკენ და იმისკენ, რომ ყველამ უნდა გაასწოროს ფოკუსი. მიხეილ სააკაშვილი ამას ამბობს პირველივე დღიდან, რომ არანაირი შიდა დაპირისპირების დრო არ არის, რომ არის ერთიანობის დრო. ზუსტად ასე უნდა ჩათვალონ ეს სტატუსიც.
მელია სად არის იცით არალოგიკურ რაღაცაში, როდესაც საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ორმაგ ტყვეობაზე საუბრობს. მაშინ რა გამოდის, რომ ბოლო სტატუსი ორმაგ ტყვეობაში რომ იყო ისე დაწერა? ძალიან არასერიოზული არის ეგ ამბავი,“ – აცხადებს ანა წითლიძე.