ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანისკარინში „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ამბობს,რომ ევროკავშირი შეძლებს ორი ამოცანის ერთდროულად შესრულებას, შიდა რეფორმების გატარებას და ახალი წევრების მიღებას.
მისივე განცხადებით, გაფართოებაზე უარის თქმა არაფერს კარგს არ მოიტანს და რუსეთის იმპერიული ამბიციების წისქვილზე დაასხამს წყალს.
„უკრაინელებს, უბრალოდ, სურთ ისე ცხოვრება, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ. ოდესღაც ლატვიაში ჩვენ ვფიქრობდით, რომ გვინდა გერმანელებივით ცხოვრება და ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ასეთი ნორმალური ცხოვრებით. მნიშვნელოვანია, რომ კარი გავხსნათ და მივცეთ საშუალება ისეთ ქვეყნებს, როგორიც უკრაინაა, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებმა უნდა გაატარონ რეფორმები და დააკმაყოფილონ წევრობისთვის აუცილებელი ყველა კრიტერიუმი.
„ისე არ უნდა იყოს, რომ ჩვენ ეს არ გვსურს, ისე უნდა იყოს, რომ ჩვენ მივისწრაფვით, რომ ისინი გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, უკრაინას და სხვებს, რომ გახდნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის შიდა რეფორმირების პროცესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებები ერთდროულად უნდა წარიმართოს.
„თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, პერსპექტივა ძალიან არასახარბიელოა. ევროპის აღმოსავლეთში არ უნდა იყო „ნაცრისფერი ზონები“. ეს არის, ან ევროკავშირი და დემოკრატიული წყობა, ან რუსეთი მისი იმპერიული მისწრაფებებით, რომელიც ახლა ცდილობს, თავისი ერთ-ერთი მეზობლის, უკრაინის განადგურებას“, – განაცხადა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.