ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, თბილისში კიდევ ერთი ახალი ავტომატური სადგური გაიხსნა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგურიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, დაიგეგმოს ახალი ღონისძიებები და პროექტები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
„სადგურიდან მიღებული მონაცემები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და განთავსებულია ბმულზე: www.air.gov.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის, „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“ ფარგლებში 2023 წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 8 ავტომატური და ერთი მობილური სადგურით გაფართოვდება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.