ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია „სიბიესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს, რომ ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმუმადე დაიყვანოს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს წარმატებით ვერ მიმდინარეობს.
„ჩვენ ახლოს ვართ სახმელეთო მოქმედებების დაწყებასთან. სახმელეთო მოქმედებებმა ზეწოლა მოახდინა „ჰამასზე“ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. ჩვენ გვექნება დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, თუ შევძლებთ, მძევლების გათავისუფლებას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მათი მთავარი მიზანი ახლა სწორედ „ჰამასის“ მიერ გატაცებული 240 მძევლის დაბრუნებაა. როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელს ჰქონდა ძლიერი მინიშნება, რომ „ჰამასი“ მძევლებს ალ-შიფას საავადმყოფოში მალავდა.
„ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საავადმყოფოში შევედით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ისრაელის ჯარები როდესაც საავადმყოფოში შევიდნენ, იქ მძევლები აღარ იყვნენ.
„ისინი რომ იქ ყოფილიყვნენ, გამოიყვანდნენ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამავე ინტერვიუში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ აპირებს ღაზის სექტორის ოკუპაციას, მაგრამ აპირებს, მასზე სამხედრო კონტროლი შეინარჩუნოს, რათა არ დაუშვას იქ „ჰამასის“ კიდევ ერთხელ აღზევება.
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ღაზის დემილიტარიზაცია და დერადიკალიზაცია“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.