„ზვიადისტების ერთი ნაწილი ავტომატურად გახდნენ მიშისტები, მაგრამ ამ ზვიადისტებსაც ზიზღით უთქვამთ ჩემთვის, მიშა რომ ჩამოფრენილიყო თბილისის აეროპორტში წინასწარი გამოცხადებით და დაეპატიმრებინათ, მხარს დავუჭერდით, აქციებს გავმართავდით, რადგან ეს პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, ხოლო ასე, საკუთარი ღირსების შელახვისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების ხარჯზე, რომ შემოიპარა არაჟანთან ერთად, ეს ზვიადისტების უმრავლესობისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა“, -აცხადებს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.
ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც პერიოდულად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს საქართველოს საშინაო საქმეებთან დაკავშირებით. ოთარ ზურაბიშვილის ასპარეზზე გამოყვანა ხომ არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციურ ნიშას დაიკავებს და ამიტომაც დღესვე ახმოვანებს მისი ძმა იმ პოლიტიკურ განწყობას, რისი თქმაც ამ ეტაპზე პრეზიდენტს არ შეუძლია, მათ შორის, ის, რაც ოპოზიციას ეამება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით?
– პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემდგომ პოლიტიკურ სვლებთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ის ვერანაირად ვერ შეძლებს იყოს პოლიტიკური ლიდერი, ქარიზმატული სახე. ეს მაშინვე გამოჩნდა, როცა ქალბატონი ზურაბიშვილი მოხსნეს საგარეო საქმეთა მინისტრობიდან, იგი შეეცადა, პარტია შეექმნა, მიტინგებს აწყობდა, ეს გამოჩნდა უკვე 2009 წელს საკნების აქციებისას რუსთაველზე, როცა იდგა და მღეროდა ტრიბუნასთან. მოკლედ, გამორიცხულია, რომ ეს ქალბატონი პოპულარული გახდეს და ამომრჩეველმა მას ხმა მისცეს. ამის საბუთია, როგორი წვალებით შეძლო „ოცნებამ“ მოეპოვებინა მისი გამარჯვება მეორე ტურში, ყველას გვახსოვს, პირველი ტური როგორც დამთავრდა, თანაც, ვინ იყო ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე – ვაშაძე, ასევე, ნულოვანი რეიტინგის მქონე ადამიანი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ აძლევდნენ ხმას, რომ სააკაშვილთან ასოცირდებოდა. ასე რომ, პრეზიდენტ ზურაბიშვილს პოლიტიკური მომავალი არ აქვს, ხოლო მაინც თუ მიეტმასნება რომელიმე პარტიას, ეს სხვა საქმეა, ის პარტია ამით მხოლოდ დაკარგავს ქულებს, რადგან ქალბატონი არ არის პოპულარული ხალხში და ვერც იქნება პოპულარული, როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს მისმა ძმამ.
ოთარ ზურაბიშვილის აქტიურობა ქართულ პოლიტიკაში შეფასდა, როგორც რაღაც ახალი ფენომენი. რას ემსახურება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ნაცვლად მისი საუბარი, რომ მისი და მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად გამოსავალს ეძებდა, რადგან ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა რთულია, მაგრამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს არსებულ პოლიტიკურ გარემოში ამ გამოსავლის პოვნა გაუჭირდა. ოთარ ზურაბიშვილის ნათქვამი ხომ არ აბათილებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის თავდაპირველ ნათქვამს „არა და არასდროს“ და ხომ არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამ ნათქვამის რევიზირება უკვე მოახდინა სააკაშვილის შეწყალების სასარგებლოდ?
– ცნობილია, რომ ოთარ ზურაბიშვილის ურთიერთობა დასთან მაინცდამაინც თანაბარი არ არის. მახსოვს, ღია წერილითაც მიმართავდა თავის დას. სხვათა შორის, ქალბატონი პრეზიდენტის პირველი მეუღლე – გორჯესტანი (გუგუშვილი) ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი იყო, წიგნიც დაწერა ზვიად გამსახურდიას შესახებ და ახლახანს გამოაქვეყნა ეს წიგნი, გორჯესტანი ზვიადის მრჩეველი იყო ეკონომიკურ საკითხებში და თითქოს ეკონომიკურ პროგრამასაც კი წერდა. იმ პერიოდში გორჯესტანი საქართველოში იმყოფებოდა, მუშაობდა ზვიად გამსახურდიასთან.
რაც შეეხება ოთარ ზურაბიშვილს, როგორც ვიცი, ზვიად გამსახურდიას ფაქტორის გამო გაიყო ოთარ ზურაბიშვილისა და მისი დის გზები, ოთარ ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე იყო. დღეს მათი აზრები სააკაშვილთან მიმართებით თანხვედრაშია?
– რომ ვთქვა, ოთარ ზურაბიშვილი დის ნაცვლად ლაპარაკობს და იმავეს ფიქრობს, ეს კითხვის ქვეშაა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს. ცნობილია ის ფაქტი, რომ ზვიადისტების ერთი ნაწილი ავტომატურად გახდნენ მიშისტები, მე ამ საკითხით სპეციალურად დავინტერესდი, ამ საკითხს ვსწავლობდი. ძირითადად უფროსი თაობის ზვიადისტებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი არის დღევანდელი ზვიადი. სწორედ ეს ელექტორატია, რომელიც ნებისმიერ ამინდში წავიდოდა და მისცემდა სააკაშვილს ხმას. მახსოვს, როცა გორში გადაიყვანეს სააკაშვილი, 80 წელს მიტანებული ზვიადისტი ქალბატონები, თავისი სახსრებით გორში ჩასულები, იდგნენ პლაკატებით „თავისუფლება სააკაშვილს“, შემდეგ უკვე ამ ქალბატონებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს.
ალბათ, ეს ერთეული ზვიადისტი ქალბატონებია, რომლებმაც, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, მიშაში ზვიადი დაინახეს, რაოდენობრივად ეს ვერ შეედრება იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც მართლაც უყვარდა ზვიად გამსახურდია და აქ მასობრივად ადამიანების სიყვარულზეა საუბარი ეროვნული ლიდერის – ზვიად გამსახურდიას მიმართ. თანაც, ზვიადი გროზნოდან ჩამოვიდა ქვეყნისთვის შესაწირად, მიშა კი ჩამოვიდა ქვეყნის ასარევად.
– ცოტა სხვანაირი აზრი მაქვს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შესახებ, მაგრამ მათი გათანაბრება, ცხადია, არ შეიძლება. არაჟანთან შემოპარული სააკაშვილი სულ სხვაა და, სხვათა შორის, ზვიადისტებისგან გამიგია, ვინც სააკაშვილს აძლევდა ხმას, ზიზღით უთქვამთ ჩემთვის, მიშა რომ მართლაც ჩამოფრენილიყო თბილისის აეროპორტში წინასწარი გამოცხადებით და დაეპატიმრებინათ აეროპორტში, მხარს დავუჭერდით, აქციებს გავმართავდით, რადგან ეს პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, ხოლო ასე, საკუთარი ღირსების შელახვისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შელახვის ხარჯზე რომ შემოიპარა არაჟანთან ერთად, ეს ზვიადისტების უმრავლესობისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა. ვისზეც მე ვსაუბრობ, ეს ზვიადისტები პატიოსანი ხალხია, თავის პოზიციას არ მალავენ. სხვათა შორის, პოროშენკო რომ ჩავიდა კიევში და შეატყობინა ზელენსკის, მოვდივარ ამა და ამ დროს, ამა და ამ აეროპორტშიო, ამით მეტი პოპულარობა მოიპოვა. დღესაც ოთარ ზურაბიშვილის ნათქვამი რომც ნიშნავდეს, რომ და-ძმა გაერთიანდა და პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს, ამას პერსპექტივა არ აქვს.
ჩემთვის საინტერესოა ოთარ ზურაბიშვილის განცხადება, რომ თურმე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა მძიმეა ქვეყნისთვის, ეს განცხადება სრული ტყუილია, ვინაიდან ევროპაში ბოლო 15-20 წელიწადში ათობით პრემიერ-მინისტრია გასამართლებული და ციხეში წასული, პრეზიდენტებიც წასულან ციხეში, შირაკიც გასამართლებულა და სარკოზიც, სარკოზის შინაპატიმრობა ჰქონდა, სამაჯური ეკეთა და სახლიდან ვერ გადიოდა. არანაირად ძნელი არ არის ქვეყნისთვის პრეზიდენტის გასამართლება, პირიქით, როცა ხალხი ხედავს, რომ ჩადენილ დანაშაულს მართლმსაჯულება და სასამართლო არ აპატიებს არავის, რაგინდ დიდი თანამდებობა ეკავოს, ეს არის ძალიან კარგი. ვაჟა-ფშაველა წერდა, სამართალმა ხელი რომ მომაჭრას, არ მეტკინებაო. გავიხსენოთ სულ ცოტა 300 ათასი პრობაციონერი და მრავალი დატანჯული ადამიანი, სააკაშვილის ბრძანებით მოკლული ადამიანების ოჯახები, კი, სააკაშვილი ციხეში არ არის, ფეშენებელურ საავადმყოფოშია, რომელიც ბევრ ქართველ ადამიანს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, არც დაესიზმრება, მაგრამ სააკაშვილი, ასე თუ ისე, მაინც იზოლირებულია, ესეც საქმეა. შეგახსენებთ, როდესაც წლების წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრი შევიდა ციხეში, კამერაში ელოდებოდა უკვე ციხეში მყოფი ისრაელის პრეზიდენტი. ზღვაში წვეთია, ჯერჯერობით, რაც სააკაშვილს დაუმტკიცდა, როგორც დანაშაული, რადგან გაცილებით სასტიკი დანაშაული აქვს ჩადენილი, სამშობლოს ღალატის ჩათვლით.
დავუბრუნდეთ ისევ პრეზიდენტის ძმას. რას მივაწეროთ ოთარ ზურაბიშვილის შეფასებები, თითქოს სააკაშვილმა ევროპის მხარეს „შეგვაგდო“, ბევრი რამ გააკეთა პოზიტიური. ნუთუ საკუთარი დისგან არ ჰქონდა ინფორმაცია, რა ხდებოდა სააკაშვილის დროს საქართველოში, რატომ იდგა თავად ზურაბიშვილი მიტინგებზე იმ ყინვაში და რატომ იძახდა, ქაჯები მიდიან, კი არ მოდიან?
– ეს იმიტომ ხდება, რომ დღეს არ აწყობს ქალბატონ ზურაბიშვილს ამის გახსენება. როცა იგი გაათავისუფლეს საგარეო საქმეთა მინისტრობიდან, და არც კი მინდა იმის მოყოლა, რატომ გაათავისუფლეს, სააკაშვილმაც კი ვერ მოითმინა, რაც ხდებოდა ზურაბიშვილის დროს სამინისტროში, რასაც ჩადიოდა ეს ქალბატონი, რასაც ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა. 2-3 დღე იყო გასული და ქალბატონმა ზურაბიშვილმა მიტინგი მოაწყო იპოდრომზე, ერთ დღეში გადაიქცა რეჟიმის მტრად, ანუ ის მოქმედებს ისე, რაც იმ მომენტში აწყობს. სულ ახლახანს „ფრანს 24“-ს მისცა ინტერვიუ, მე ვიცი ფრანგული, იმ ტელევიზიაში მისი ქალიშვილი მუშაობს და დავაკვირდი, წამყვანი როგორი მომზადებული იყო. წამყვანი ეკითხება, თქვენთანაც ხომ ახლა მაიდანი მოხდა, ანუ მარტის აქციების შესახებ ეკითხება, პრორუსულად განწყობილი პრემიერიო…
ანუ წინასწარ მიწოდებული „პადაჩა“ იყო?
– ან წინასწარ იყო მიწოდებული, ან ეს ლეგენდა მუშაობს, რომელსაც ამკვიდრებდნენ „ნაცები“ თავიანთ ლობისტებთან ერთად, კუბილიუსები და ფოტიგები, თურმე სააკაშვილი მეორე ნავალნია, თურმე პრორუსული ხელისუფლება პუტინის დავალებით სააკაშვილს კლავს და აშიმშილებს. ამას „სიენენმა“, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტელევიზიამ, 12 წუთი მიუძღვნა და გადმოსცა ცალმხრივი ინფორმაცია, რამხელა ფული დაჯდა ეს ყველაფერი, ამ დროს ჩიტის რძე არ აკლდა ამ ადამიანს, ჭამდა მხოლოდ დედამისის მიტანილს, მაგრამ ეს ნარატივი არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ „ფრანს 24-ში“ წაიმუშავა ზურაბიშვილის ქალიშვილმა და მოამზადა ეს კითხვები, ამას მტკიცებულება სჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყნის ინტერესების დაცვის ფიცი აქვს დადებული, ნაცვლად იმისა, სიმართლე უთხრას წამყვანს და თქვას, სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში საერთოდ ჩაიხერგა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, ჩვენ არ განგვიხილავდნენ კანდიდატად, რომ მოგვეწერა ხელი ასოცირების და ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, ლაპარაკი არ იყო შენგენის ვიზებზე, ეს ყველაფერი სწრაფად დაიძრა „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ. უფრო მეტიც, ნატოსკენ მიმავალი გზა სააკაშვილის დროს ჩაიხერგა და ოზბორნთან ინტერვიუში სააკაშვილმა თქვა, „გამოჩნდა, პუტინი მართალი ყოფილა, როცა 2008 წელს ასე მოგვექცა და დღეს უკვე ნატოში არც აპირებენ ჩვენს მიღებასო“. მერე იყო მთელი სკანდალი, რომ სააკაშვილმა ეს თურმე არ თქვა ინტერვიუში, ბოკერია ყვიროდა, არ უთქვამსო, მერე ჟურნალისტმა დაბეჭდა მთელი წერილი და, ცხადია, შენახული ჰქონდა ჩანაწერი. არ ვამბობ, რომ ეროვნული ინტერესების დაცვისას ტყუილი უნდა თქვა, ტყუილით დაცული არაფერი არ ვარგა, მაგრამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს უნდა ეთქვა სიმართლე. მას უნდა ეთქვა, რომ შარშანაც ძალიან კარგად იცოდნენ ევროპაში, რომ საქართველო ბევრად უფრო უსწრებდა უკრაინასაც და მოლდოვასაც და ბევრად უფრო ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ, სამწუხაროდ, ევროგაერთიანებამ ორმაგი სტანდარტი გამოიჩინა. ამას ბევრი ევროპელი მოღვაწე დღესაც აღიარებს. დაგვიწესეს 12 პუნქტი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და ევროპარლამენტში დამკვიდრებული ორმაგი სტანდარტის ლუსტრაციაა.