“არ მინდა, ქალბატონ სალომეს რაიმე მოვთხოვო, მას შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და, რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხის ძალა ძალას აძლევს.
„მინდა, სალომე ზურაბიშვილს მივულოცო, რომ მან ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში. აბსოლუტურად სწორი აქცენტები თქვა რუსულ ოლიგარქიაზე. ამავე დროს, Le Monde-ი თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა შეწყალების უფლება. ამისკენ მოუწოდებდა მას, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ის, ბოლო თვეების განმავლობაში, შეხვდა. არ მინდა, განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან, სხვა ლიდერებისგან, ვინც ამისკენ მოუწოდებს, ქალბატონ სალომეს რაიმე მოვთხოვო. ის ამბობს, რომ მე ვამბობ, რომ ვარ უკეთესად ფიზიკურად. მე ვარ უკეთესად სულიერად, მე ვარ მხნედ, საბოლოოდ ვირწმუნე, რომ ჩვენს ხალხს აქვს ძალა და ეს ძალა მაძლევს მეტ ძალას. მინდა ამ ძალების გაერთიანებით მოხდეს ჩვენი გამარჯვება, ამიტომ, რა თქმა უნდა, სულიერად უფრო მხნედ ვარ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ უკეთესად ვარ.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მე არ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, საქმე ისაა, რომ ეს არ არის ჩემს სურვილზე დამოკიდებული. ჩემს რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს, შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია აღადგინოს საქართველოში პოლიტიკური ბალანსი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.