სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული – ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აღნიშნა.
არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა სრულიად საქართველოს მოუწოდა, პატრიარქის ჯანმრთელობისთვის ილოცონ.
”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული. ერთად ვილოცოთ საქართველოს პატრიარქისთვის”, – მიმართა მრევლს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.