თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია თბილისის მერის პოზიციას სრულად იზიარებს და აცხადებს, რომ კლუბის საწვრთნელი ბაზის დემონტაჟს არ დაუშვებს.
„ეს ბაზა ფეხბურთელებისთვის და არა მარტო ფეხბურთელებისთვის არა მხოლოდ კულტურული ძეგლია, ის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვეტერანი ფეხბურთელებისთვის, ვისაც აქ ათობით წელი გვაქვს გატარებული. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება „დინამოს“ მფლობელი მომავალში ან დღეს, ამ ბაზას პროფილს ვერავინ შეუცვლის და მის ტერიტორიაზე ვერაფერი აშენდება. საჭიროა, რომ რაც კახა კალაძემ თქვა, ვეტერანმა ფეხბურთელებმაც გაიმეორონ“, – განაცხადა ჟორდანიამ.
„დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია ბაზისთვის ადგილის შეცვლას გეგმავს, ისტორიული ბაზის ადგილას კი, შესაძლოა უნივერსიტეტის პატარა ქალაქი აშენდეს. ისტორიული საწვრთნელი ბაზის დანგრევის იდეას გაუგებარი და მიუღებელი უწოდა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ განმარტა, რომ მისი მერობის პერიოდში, „დინამოს“ ბაზის დანგრევის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.