გასაგებია, რომ პროფესიონალი ექიმები არიან, თავისი საქმის კარგად მცოდნე და გმირები ამ ამბავში, მაგრამ ამავე დროს სხვა საკითხებშიც ისე კარგად ერკვეოდნენ და ისეთი კვალიფიკაცია გამოამჟღავნეს, რომ მათი არგუმენტები ძალიან მყარი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა ალტერნატიული ვერსიის დამუშავება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.
„გულწრფელად, რომ გითხრათ ძალიან იშვიათად მინახავს ისეთი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, როგორებიც აღმოჩნდნენ ეს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ჩვენთან კონტაქტობდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით. ალტერნატიული ვერსიების ავტორებიც თავად გახდნენ. გასაგებია, რომ პროფესიონალი ექიმები არიან, მაგრამ ამავე დროს სხვა საკითხებშიც იმდენად კარგად ერკვეოდნენ და იმხელა კვალიფიკაცია გამოააშკარავეს, რომ მათი არგუმენტები ძალიან მყარი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა ალტერნატიული ვერსიის დამუშავება. პრემიერ-მინისტრმა დავალება გასცა, რომ რაც შეიძლება მალე ალტერნატიული პროექტი მომზადდეს და ისე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ დაიხუროს, დაიწყოს მშენებლობა იგივე ტერიტორიაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იყოს სხვა თემებზე საუბარი – რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის ნაწილი გამოდგეს იმისათვის, რომ საინვესტიციო მიზნები განხორციელდეს და შემდეგ ამან სახელმწიფოს გაუადვილოს ძალიან ძვირიანი პროექტის განხორციელება. ამაზე საუბარი შეიძლება ამის შემდეგ იყოს. ეს არ იქნება რამდენიმე ათეული მილიონით დაფინანსებული პროექტი, ასეულობით დაფინანსებული პროექტი უნდა იყოს და თუ ამაში კერძო სექტორიც მიიღებს მონაწილეობას, პროცესიც დაჩქარდება. პრემიერის გადაწყვეტილებამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საშუალება მისცა, თან არ გაჩერდნენ და თან მუშაობა წარიმართოს. მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს მოხერხდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია შეწყდა. ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოკლე დროში ახალი კონცეფციის წარდგენა დაავალა, რომელიც წელსვე ახალი შენობის მშენებლობის დაწყებას გულისხმობს.