21 წელი სატელევიზიო სივრცეში – „იმედი“ დღეს იუბილარია. ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია პირდაპირ ეთერში პირველად 2003 წლის 15 მარტს გავიდა.
საქართველოში პირველად სწორედ ტელეკომპანია „იმედმა“ დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. დღეს „იმედი“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო და რეიტინგული არხია ქართულ ტელე და რადიოსივრცეში.
„იმედს“ არაერთი მძიმე დღეც ახსოვს, წინა ხელისუფლების პირობებში. ქვეყნის უახლეს ისტორიაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები არხს პირდაპირ შეეხო. სიმართლე სანდრო გირგვლიანის საქმეზე სწორედ „ტელეიმედმა“ უთხრა საზოგადოებას. 7 ნოემბერი – მშვიდობიანი აქციის დარბევა, საღამოს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შემოჭრით დასრულდა. დაარბიეს ტელევიზია და დაამტვრიეს აპარატურა. გათიშეს მაუწყებლობა.
ამ მოვლენებიდან მალევე არხის მფლობელებს ტელეკომპანია წაართვეს და ის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადავიდა. დაკარგული არხი მფლობელებმაც და საზოგადოებამაც მხოლოდ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიბრუნეს. ბოლო რამდენიმე წელია ტელეკომპანია მაუწყებლობის 24-საათიან რეჟიმზე სტაბილურად გადავიდა.
„იმედი“ მაყურებელს მაღალრეიტინგულ გადაცემებსა და საინტერესო პროგრამებს მაღალი გარჩევადობის უმაღლესი ხარისხის ციფრული გამოსახულებით სთავაზობს. საქართველოში მოქმედი რეიტინგების დამთვლელი ორივე კომპანიის მონაცემებით, „იმედი“ სატელევიზიო სივრცის უკონკურენტო, უპრეცედენტო და უპირობო ლიდერია.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” ულოცავს ტელეკომპანია “იმედს” იუბილეს. ვულოცავთ ყველა ჟურნალისტს, შემოქმედებით კოლექტივს ტელეკომპანიის დაბადების დღეს!
“იმედს” ვუსურვებთ, კიდევ დიდხანს ყოფილიყოს ქართულ ტელესივრცეში სიმართლის სადარაჯოზე!
