ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ფავორიტები არ არსებობენ, მაშინ როდესაც ყველა გუნდს საქართველოში თამაში უჭირს და საბედნიეროდ გვაქვს ის ფუფუნება, რომ ჩვენი გულშემატკივარი დაესწრება ამ თამაშს,- ამის შესახებ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ყველა დიდი იმედით ვუყურებთ და ველოდებით 26 მარტს, სადაც ისტორიაში მეორედ მოგვიწევს ფინალში მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ყველას იმედი გვაქვს, რომ მეორე ჯერი წარმატებული იქნება და 2020 წლისგან განსხვავებით მოვიპოვებთ ევროპის ჩემპიონატის საგზურს.
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ფავორიტები არ არსებობენ, მაშინ როდესაც ყველა გუნდს საქართველოში თამაში უჭირს და საბედნიეროდ გვაქვს ის ფუფუნება, რომ ჩვენი გულშემატკივარი დაესწრება ამ თამაშს.
რამდენიმე წლის წინ D დივიზიონში ვმონაწილეობდით ერთა ლიგაზე, ახლა უკვე B დივიზიონში ვართ და სამი გათამაშებიდან, ერთა ლიგაზე ორი გამარჯვება მოვიპოვეთ. ორჯერ მოვიპოვეთ პლეიოფის საგზური და ძალიან სასიხარულოა ეს გარემოება. უკვე მოწინავე გუნდებს შორის ვართ. 2024 წლიდან ერთა ლიგაზე უკვე B დივიზიონში ვიასპარეზებთ და, რა თქმა უნდა, იქამდე იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში ყველას წარმატებული წელი გვექნება და 26 მარტის შემდეგ უკვე, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყანა ვიქნებით.
ხვალიდან, უკვე 23 მარტის 12 საათზე დაიწყება ონლაინ ბილეთების გაყიდვა. ვიცით, რომ დიდი ინტერესია. სამწუხაროდ, ყველა მსურველს ჩვენი სტადიონი ვერ დაიტევს და თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ისევე, როგორც ნახევარფინალის დღეს, მოვაწყობთ ფანების სივრცეს, სადაც მოეწყობა ღია ჩვენება. „დინამო არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს გამარჯვებაში და კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ამ მოცემულობით და ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, ჩემი აზრით, შეიძლება ობიექტური ბოლომდე ვერ ვიყო, მაგრამ, მგონია, რომ ამ შეხვედრაში ფავორიტები ვართ და გავიმარჯვებთ“,- აღნიშნა მუჯირმა.