აშშ-ის საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ ორი კვირით ადრე აფრთხილებდა.
“საელჩო აკვირდება ცნობებს იმის შესახებ, რომ ექსტრემისტებს მოსკოვში თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, კონცერტებზე თავდასხმის გარდაუვალი გეგმები აქვთ”, – წერდა 7 მარტს აშშ-ს საელჩო მოსკოვში.
საელჩოს ამ გაფრთხილებას კი სამი დღის წინ პუტინმა „პირდაპირი შანტაჟი“ უწოდა. “ეს ყველაფერი აშკარა შანტაჟს და ჩვენი საზოგადოების დაშინებისა და დესტაბილიზაციის განზრახვას ჰგავს”, – განაცხადა მაშინ პუტინმა.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.
