მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. ამის შესახებ მოსკოვში ბავშვთა უფლებების დამცველმა, ოლგა იაროსლავსკაიამ განაცხადა.
ამ ეტაპზე უცნობია დაშავებული ბავშვების ზუსტი რიცხვი.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.