საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მკაცრად დაგმო „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერორისტული თავდასხმა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
“საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მკაცრად დაგმო ტერაქტი”, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
