უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა.
“რაც გუშინ მოსკოვში მოხდა იმაში, ცხადია, პუტინიც და სხვა ნაძირლებიც მხოლოდ სხვის დადანაშაულებას ცდილობენ. მათ ყოველთვის ერთი და იგივე მეთოდები აქვთ. ეს უკვე მოხდა – იყო აფეთქებული სახლები, სროლები და ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს.
ისინი მოვიდნენ უკრაინაში, წვავენ ჩვენს ქალაქებს და ცდილობენ უკრაინას დააბრალონ. აწამებენ და აუპატიურებენ ჩვენს ხალხს – და მათ ადანაშაულებენ. მათ ასიათასობით თავისი ტერორისტი აქ, უკრაინის მიწაზე გამოუშვეს, ისინი ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან და არ აინტერესებთ რა ხდება მათ ქვეყანაში. ეს ყველაფერი გუშინ მოხდა და ეს უღირსი პუტინი იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეებს შეხვედროდა, ერთი დღე დუმდა, ფიქრობდა როგორ დაებრალებინა ეს უკრაინისთვის, ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია.
ასიათასობით რუსი, რომლებიც ამჟამად იღუპებიან უკრაინის მიწაზე, რა თქმა უნდა საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად. და თუ რუსები მზად არიან ჩუმად დაიხოცონ “კროკუსში” და არ დაუსვან შეკითხვები მათ სპეცსამსახურებს, მაშინ პუტინი შეეცდება კიდევ შექმნას ასეთი ვითარება პირადი ძალაუფლებისთვის.
ტერორისტებმა ყოველთვის უნდა წააგონ და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ნამდვილად იცავს სიცოცხლეს!” აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
გასულ ღამეს, Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტს 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილებიც. პუტინმა მომხდარში დღეს ირიბად უკრაინა დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
