აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ახლობლებს.
„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს მოსკოვში მომხდარ სასიკვდილო ტერაქტს. ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ საშინელი დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს. ვგმობთ ტერორიზმს ყველა მისი ფორმით და სოლიდარობას ვუცხადებთ რუს ხალხს ამ საშინელი მოვლენის შედეგად დაღუპულთა მწუხარებაში“, – აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.