თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონში კრიზისის მშვიდობიანი გზით დასრულება აუცილებელია, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, ერდოღანმა მწუხარება გამოთქვა მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმის დროს ასობით ადამიანის დაღუპვის გამო.
თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ თურქეთი მზად არის, რუსეთთან განავითაროს თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ნანგრევებში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა.