პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ცოტა ხნის წინ ქართული სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, დიდი ოდენობით ტროტილის გადატანის ფაქტის აღკვეთას იხსენებს.
„რა დღეში ჩავარდებოდა საქართველო, ჩვენს სპეცსამსახურებს რომ არ შეეჩერებინათ თავის ტერიტორიაზე უკრაინიდან რუსეთისკენ მიმავალი, ტერორისტული აქტების ჩასადენად განკუთვნილი ტვირთი“, – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
ქართველიშვილი სვამს კითხვას – „მეორე ფრონტის“ საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება?
„რუსეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე, 150-მდე დაღუპულსა და დასახიჩრებულზე აქამდე არაფერი თუ არ დამიწერია, იმას არ ნიშნავს, რომ არ ვგმობ მშვიდობიან მოსახლეობაზე ნებისმიერ მსგავს ვერაგობასა და ტრაგედიას. უბრალოდ მეორე დღეა აი რაზე ვფიქრობ: რა ფორმით განხორციელდება რუსეთის მხრიდან შურისძიება, დიმიტრი მედვედევის ცნობილი განცხადების („სიკვდილი სიკვდილის წილ“) შემდეგ და რა დღეში ჩავარდებოდა საქართველო, ჩვენს სპეცსამსახურებს რომ არ შეეჩერებინა თავის ტერიტორიაზე უკრაინიდან რუსეთისკენ მიმავალი, ტერორისტული აქტების ჩასადენად განკუთვნილი ტვირთი. უბრალოდ ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ, ამ ტროტილით რუსეთის რომელიმე სტადიონი ან საკონცერტო დარბაზი რომ აეფეთქებინათ და აღნიშნული აქტის გეოგრაფია (უკრაინა-საქართველო-რუსეთი) რომ გაცხადებულიყო. ან წარმოიდგინეთ, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც საქართველომ მსგავსი გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა, კრასნოგორსკის „კროკუს სითი ჰოლში“ ვიღაცის ბოროტმა განზრახვამ „გეგმა В“ მოიყვანა სისრულეში.
უბრალოდ, დაფიქრდით ამაზე და უპასუხეთ მარტივ შეკითხვას – „მეორე ფრონტის“ საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება?“ – წერს ქართველიშვილი.
თებერვალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადის კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე. ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოიტანეს. იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთში.