დღეს, 31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა.
ამასთან დაკავშირებით ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ზუგდიდელები ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგებენ და ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ძეგლს გვირგვინით შეამკობენ.
საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წელს ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში დაიბადა.
1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურდა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი დამაჯერებელი გამარჯვებით. 1991 წლის დეკემბერში ოპოზიციამ საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო გადატრიალება. 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თბილისი. ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის მიწვევით, გამსახურდია თავის გარემოცვასთან ერთად გროზნოში ჩავიდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.