ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური”, – აღნიშნულია განცხადებაში.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“. დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.
აშშ-ს საელჩო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს თავისუფალი მედიაგარემო
2017/03/03 00:15:58
ნანახია: 2659 ჯერ