სააგენტო მოუწოდებს როგორც მუსლიმ, ასევე ქრისტიან თემს, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედონ – მზად ვარ, როცა საჭირო იქნება მოლაპარაკებები განვაახლოთ, – ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„სახელმწიფო მზად არის ექსცესებს ადგილი არ ჰქონდეს და ყველა შესაძლო საპრევენციო ნაბიჯები გადაიდგას, რათა არ დაირღვეს ადამიანის უფლებები. მე მჯერა, რომ ამ შემთხვევაში აღნიშნული მხარე ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიიღებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ჩვენს შეთავაზებულ წინადადებაზე დაფიქრდნენ და შესაბამისად იმოქმედონ. მე მზად ვარ, როცა საჭირო იქნება დავჯდე და მოლაპარაკებები განვაახლოთ“, – აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.
„სულეიმანჯები“, რომლებიც არ ემორჩილებიან მუსლიმთა სამმართველოს, დაბა ადიგენში, კერძო სახლში ლოცვის ჩატარებას ითხოვენ. სახელმწიფომ სახლის მფლობელს შესთავაზა ორი წინადადება – ნაცვალგება ან შენობის პირდაპირი წესით გამოსყიდვა, თუმცა, ამაზე მათ უარი მიიღეს.
სად უნდა გაიხსნას ადიგენში მცხოვრები მუსლიმებისათვის კიდევ ერთი სამლოცველო – ამ საკითხზე მუსლიმ თემთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა 3 აპრილს უშედეგოდ დასრულდა.