ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ჩამოყალიბდა, ქვეყანაში რელიგიური პოლიტიკა ხელისუფლების მიერ მწყობრი ნაბიჯებით ხორციელდება, – ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მან მუსლიმი თემისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე და გადაცემულ საკულტო ნაგებობებზე ისაუბრა.
„ამ დროის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მუსლიმი თემისთვის გადაცემულია 237 მეჩეთი, როგორც შიიტებისთვის ასევე სუნიტებისთვის და ეს პროცესი გრძელდება. სულ უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 2 კვირაში, მათ სალოცავად კიდევ 20 მეჩეთი გადაეცემათ. დარჩენილია კიდევ დაახლოებით, 30-40-მდე მეჩეთი და კანონმდებლობის სრული დაცვით, ეტაპობრივად მოხდება გადაცემა“, – განაცხადა ვაშაყმაძემ.
მისივე თქმით, ისევე როგორც სხვა რელიგიურ ჯგუფებს, მუსლიმ თემსაც სახელმწიფო საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფორმულირებით, ფინანსურ დახმარებას უწევს.
„ისევე როგორც შარშან, წელსაც მუსლიმ თემს გაეზარდა ბიუჯეტი და წელს უკვე მუსლიმი თემი მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებს 4,150მლნ ლარს“, – აღნიშნა ვაშაყმაძემ.