უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი „რუსთავი 2“–ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსგან მეტი სიმართლის გარკვევას ელოდება.
ამ თემას პარლამენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მტყუან-მართალი კიდევ უფრო გამოიკვეთება. ამას ხელს, ნაცმოძის ვა-ბანკი შეუწყობს. მათ ხომ სტრასბურგის სასამართლოს მისწერეს, თუ აღსრულებას არ შეაჩერებთ: თბილისის ქუჩებში ქაოსი ატყდებაო და მსგავსი არგუმენტები. მორიგე მოსამართლემაც უფრო ვერ გარისკა, ვიდრე გარისკა! სტრასბურგში ცრემლით დასველებულ, გაგზავნილ ეპისტოლეზე, ციცერონის გამონათქვამი გამახსენდა : Epistola non erubescit (წერილი არ წითლდება)“, – წერს ჩრდილელი ფეისბუქის გვერდზე.
„სოც-ქსელში ევროსკეპტიკოსებიც ძალიან გააქტიურდნენ… ერთი კითხვა იმ ხალხს, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” არგუმენტებს იზიარებს: თქვენი “საუკეთესო და მოსაწონი ვერსიით” რა უნდა ექნა ხელისუფლებას: დაერეკა მოსამართლეებისთვის და “რუსთავი 2” “ნაცებს” დაუტოვეო, თუ ხალვაში დაებარებინა – სარჩელი გამოიტანეო?! ეგებ მიპასუხოთ: ისეთი ტერორი და ზეწოლა-ქვედა დინებებია ქვეყანაში, ცხრავე მოსამართლეს ჩამოუარეთ და შეაშინეთ ან ყველანი ერთად მოისყიდეთო. მაშინ ეს (მორიგი) უტიფარი პასუხია და რამდენი კაცი დაიჯერებს, ერთად დავთვალოთ. ოღონდ არა – “რუსთავი 2”-ის კალკულაციით…“, – აცხადებს ოთარ ჩრდილელი.
ევროსასამართლომ გუშინ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.
“რუსთავი 2”-მა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა გააგზავნა. “რუსთავი 2”-ის იურისტები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოსგან ითხოვდნენ, რომ მას შეეჩერებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნებოდა სამაუწყებლო კომპანიის სარჩელი არსებითად განხილული.
უზენაესმა სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, ნინო ნიჟარაძის, შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.