იტალიელმა არქეოლოგებმა იერუსალიმში, აღდგომის ტაძრის ქვეშ აღმოაჩინეს სამარხი, რომელიც ბიბლიაში აღწერილ იესო ქრისტეს დაკრძალვის ადგილს საკმაოდ ზუსტად ემთხვევა. IV საუკუნეში აგებული ეკლესიის ქვეშ მათ მიაგნეს ქვის სამტეხლოს, დამუშავებული ნაკვეთებისა და ბაღის კვალს, ასევე კლდეში გამოკვეთილ სამარხს.
სამუშაოების ხელმძღვანელის, ფრანჩესკა რომანა სტასოლას თქმით, ეს სწორედ ის მინდვრებია, რომლებიც, ახალი აღთქმის თანახმად, იერუსალიმის კედლებსა და გოლგოთას შორის მდებარეობდა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღმოჩენილ ბაღს, ვინაიდან იოანეს სახარებაში იესოს ჯვარცმის ადგილზე ბაღია მოხსენიებული, ზეთისხილის ხეებისა და ვაზის კვალი კი დაახლოებით იმ პერიოდით თარიღდება, რომელსაც ჩვეულებრივ იესოს გარდაცვალებას მიაკუთვნებენ.
მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები იესოს საფლავს აღწერენ როგორც კლდეში გამოკვეთილ აკლდამას. მრგვალი ქვის ნაგებობის აღმოჩენა ამ სურათს ემთხვევა და იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სწორედ ამ სამარხის გარშემო აღმოცენდა ტაძარი, რომელიც ქრისტიანთათვის ერთ-ერთ უმთავრეს სიწმინდედ იქცა.
არქეოლოგიური აღმოჩენები არ იძლევა იმის მეცნიერულად უტყუარ მტკიცებულებას, რომ იქ სწორედ ქრისტე იყო დაკრძალული. თუმცა, სამუშაოების შედეგები აჩვენებს, რომ ქრისტიანებისთვის თაყვანსაცემ ამ ადგილს აქვს მახასიათებლებს, რომლებიც ახალი აღთქმის აღწერილობებს მეტ-ნაკლებად ემთხვევა.
აღდგომის ტაძარი იერუსალიმის ძველი ქალაქის ქრისტიანულ კვარტალში მდებარეობს. პირველი ეკლესია იქ ახ. წ. 335 წელს აკურთხეს. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში შენობა არაერთხელ დაინგრა და ხელახლა აშენდა, ამიტომ ტაძრის თანამედროვე იერსახე მრავალრიცხოვანი მშენებლობისა და რესტავრაციის ეტაპების შედეგია.
