საბურთალოს რაიონის გამგეობამ ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩის N7-ის მიმდებარედ, ასევე, ხვიჩიას ქუჩაზე დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში 2 500 კვ.მ ფართობი გამწვანდა, მოწესრიგდა საპარკო ინფრასტრუქტურაც.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით დამონტაჟდა უსაფრთხოების კამერები. ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა განათების ქსელი. ტერიტორიაზე განთავსდა საპარკო ინვენტარი, მათ შორის სკამები და ურნები. გარდა ამისა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და დაიგო რულონური ბალახი.
დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილესთან, კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული ტერიტორია მოწესრიგდებოდა და აქ არსებული პარკები მთლიანად განახლდებოდა. მთლიანობაში ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე გამოვიდა. შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ, პირველ რიგში, აქ მცხოვრებლებისთვის გაჩნდა ადგილი, სადაც ისინი თავისუფლად შეძლებენ დასვენებას. ჩვენ ახლა გეგმაში გვაქვს, რომ მომავალ წელს აღნიშნული პროექტი მიმდებარე სკოლამდე გავაგრძელოთ და მთლიანობაში ყველანაირად მოწესრიგებული ძალიან დიდი სივრცე გვექნება.
ამ ეტაპზე დარჩენილი გვაქვს საპარკინგე ტერიტორიის მოასფალტების სამუშაოები და ამასაც რამდენიმე დღეში დავასრულებთ. გვინდა, რომ ყველა უბანში, ყველა რაიონში არსებობდეს ასეთი სივრცეები, რომლებიც მოწესრიგებული და ყველანაირად გამწვანებული იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად პრიორიტეტულია მუნიციპალიტეტისთვის რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება-მოწყობა.
„ზოგადად, 2017 წლიდან დღემდე რეკრეაცია და გამწვანება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. გავიხსენოთ, რა მდგომარეობა და რა პოლიტიკა იყო მწვანე სივრცეების მიმართ. წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა პარკების, რეკრეაციული არეალების გასხვისება იმისთვის, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი სივრცის დაბრუნება მოგვიწია და იქ ძალიან მაგარი პროექტები გაკეთდა. რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტს კონკრეტული თანხები დაუჯდა, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელი იყო ამ სივრცეების დაბრუნება თბილისისთვის, თბილისელებისთვის.
ეს არის ის სივრცეები, სადაც ადამიანები მოდიან დასასვენებლად, სავარჯიშოდ ან უბრალოდ იმისთვის, რომ დრო გაატარონ. მიხარია, რომ საპარკო კულტურა შემოვიტანეთ და ყველა რეაბილიტირებული სივრცე გადავსებულია ხალხით. მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება, რაც აქვს „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა იყოს ქალაქში. ჩვენს დედაქალაქს ძალიან უხდება მწვანე სივრცეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 700 000 ლარი შეადგინა. თბილისის მერთან ერთად, დასრულებული პროექტი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გიზო ვასაძემ, დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, არჩილ ნიჟარაძემ და საკრებულოს წევრმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.
