ევროსასამართლოში არის დაპირისპირება ”რუსთავი 2“-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
როგორც კობახიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ”რუსთავი 2“-ის მფლობელები უპირისპირდებიან საქართველოს და დღემდე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა საქართველო და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.
”კონტექსტი არის შეცვლილი მას შემდეგ, რაც საქმემ გადაინაცვლა სტრასბურგის სასამართლოში. დღემდე საქმეს ერქვა ხალვაში ყარამანაშვილის წინააღმდეგ. დღეს უკვე საქმეს ჰქვია ”რუსთავი 2” საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვართ პასუხისმგებელი საქართველოს ინტერესების დაცვაზე და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ საქართველოს და ჩვენი ინსტიტუციების, მათ შორის საერთო სასამართლოების პრესტიჟი. ეს არის დაპირისპირება ”რუსთავი 2“-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ”რუსთავი 2“-ის მფლობელები უპირისპირდებიან საქართველოს და დღემდე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა საქართველო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც საქართველო გამოვა გამარჯვებული”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.