ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის მიმართვა და ხედვა
რექტორის მიმართვა
დემოკრატიული, ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უზრუნველყოფა ეროვნული ფასეულობების, ღირებულებების, ლიდერისათვის დამახასიათებელი აუცილებელი უნარ-ჩვევების, საუკეთესო სამხედრო და აკადემიური განათლების მქონე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოფიცერთა შემადგენლობით.
აღნიშნული ამოცანის შესრულების მიზნით, აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს: იუნკერთა სასწავლო ბატალიონი, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, სწავლების პროცესის მხარდაჭერის ცენტრი, სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება, ბიბლიოთეკა, სპორტული კოპლექსი, სამეცნიერო-კვლევითი, საგამოცდო და დისტანციური სწავლების ცენტრები.
აკადემიის საქმიანობა დაფუძნებულია იუნკერზე/მსმენელზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე. აკადემიაში, დასაქმებულნი არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო მოსამსახურეები, ინსტრუქტორები, სამეცნიერო, აკადემიური და მოწვეული პერსონალი, რომელთა უმთავრეს მიზანს წარმოადგენს იუნკერთა და მსმენელთა აღზრდა შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: სამშობლო, ღირსება, ერთგულება, სიმამაცე, პატივისცემა, პატიოსნება, ცოდნა და უანგარო სამსახური.
აკადემია მომავალი ღირსეული და პროფესიონალი ოფიცრების აღზრდისთვის ახორციელებს ლიდერობის პროგრამას, რაც უზრუნველყოფს სამხედრო ლიდერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და განვითარებას. აღსანიშნავია, რომ აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამოცანით მართვის ფილოსოფიის გააზრებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. „ამოცანით მართვის“ კულტურის დანერგვით აკადემიის კურსდამთავრებულები, შემდგომში როგორც უმცროსი მეთაურები საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ ინიციატივის გამოჩენას, გონივრული რისკების აღებას და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას.
ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების სტანდარტების მისაღწევად აკადემიაში დაინერგა და განხორციელდება ისეთი სამხედრო სწავლებები, როგორიც არის „მარტოხელა მებრძოლის“, სამთო მომზადების, წყალზე მომზადებისა და აერომობილური მომზადების კურსები. აღნიშნულ კურსებს იუნკერები ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების შესაბამის ბაზებზე გაივლიან.
აკადემია, როგორც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მუდმივად დგას გამოწვევების წინაშე. ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, უპირველეს მიზანს წარმოადგენს, აკადემიის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან. ასევე, იუნკერებისა და მსმენელებისათვის ისეთი სახის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემას, რაც დააკმაყოფილებს თავდაცვის სისტემაში არსებულ საჭიროებებს. გარდა ამისა, აკადემია მუდმივად უნდა იყოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ მოთხოვნებთან თანხვედრაში.
აკადემია ბოლონიის პროცესის მიზნების მისაღწევად წარმატებით ახორციელებს: სწავლა/სწავლების ხარისხის მუდმივ განვითარებას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას, პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უწყვეტ თანამშრომლობას, იუნკერების/მსმენელებისა და აკადემიის პირადი შემადგენლობის გაცვლით პროგრამებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ზემოხსენებული აქტივობების მეშვეობით, აკადემია სრულად აკმაყოფილებს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ არსებულ როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.
აკადემიის პირადი შემადგენლობა, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები ითავისებენ რა აკადემიის მნიშვნელობასა და როლს მომავალი სამხედრო ლიდერების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, აღნიშნული უზრუნველყოფს აკადემიის მზაობას – წარმატებით გაართვას თავი მის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას, მათ შორის პანდემიურ ვითარებას და სხვა.
2023 წლის განმავლობაში განხორცილებული საქმიანობის ანალიზის შემდგომ, 2024 წლისათვის აკადემიის საქმიანობის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის აკადემიის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს: ინსტიტუციური განვითარება, ნატო-ს აკრედიტაცია და აკადემიაში სწავლების მესამე საფეხურის – დოქტორანტურის შექმნა, რაც განაპირობებს აკადემიაში სწავლების სამივე საფეხურის არსებობას და აკადემიისათვის უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭებას. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სამხედრო, სახელმწიფოს უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული და სამოქალაქო პირების მიღება. არსებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და ახალ სამართლისა და საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამებზე იუნკერების მიღება. ბაკალავრიატზე და მაგისტრატურაზე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესება, დისტანციური სწავლების ცენტრის განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება. იუნკერთა/მსმენელთა სამხედრო მომზადების დონის ამაღლება, მათთვის ახალი კურსების დამატება. გასულ წელს შექმნილ ერეკლე მეორეს, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, იარაღის ევოლუციის და სახელმწიფო დროშის კულტურულ-შემეცნებით სივრცეებს დაემატება ისეთი კულტურულ-შემეცნებითი სივრცეები, როგორებიც არის ოკუპაციის და კონსტიტუციის. აგრეთვე პირად შემადგენლობაზე ზრუნვა, სოციალური პაკეტის გაუმჯობესება, სტიპენდიების მატება, ბაზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ლოჯისტიკური განვითარება, აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლება და სხვა.
ჩემთვის დიდი პატივია, ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის რანგში. ჩვენ, აკადემიის სამეთაურო რგოლი, პირად შემადგენლობასთან ერთად, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მიღწეულ იქნას აკადემიის მიერ დასახული მიზნები. აკადემიის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების უზრუნველსაყოფად, წარმოგიდგენთ 2024 წლის ხედვას, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტს.
რექტორის ხედვა
1. იუნკერთა/მსმენელთა სამხედრო მომზადება
აკადემიისათვის უმნიშვნელოვანესია ღირსეული მომავალი სამხედრო ლიდერების მომზადება. აკადემიის ყველა კურსდამთავრებულს უნდა გააჩნდეს ლიდერისათვის დამახასიათებელი აუცილებელი უნარ-ჩვევები და სამხედრო მომზადების ისეთი დონე, რომელიც განაპირობებს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მათ კონკურენტუნარიანობას.
ჩვენ განვახორციელებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აკადემიის ყველა კურსდამთავრებული იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის.
აკადემიამ უნდა უზრუნველყოს, რომ იუნკერები/მსმენელები იყვნენ პროგრესულად მოაზროვნე, სამხედრო ლიდერის დამახასიათებელი თვისებებითა და საჭირო ცოდნით აღჭურვილნი. მათ უნდა გააჩნდეთ მზაობა მშვიდობიანობის დროსა და კრიზისულ ვითარებაში მართონ შესაბამისი ზომის ქვედანაყოფები.
აკადემიის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა უნდა უზრუნველყონ, რომ იუნკერებს/მსმენელებს გააჩნდეთ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პერსონალისთვის განსაზღვრული სამხედრო მომზადების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
სამხედრო მომზადების დონის ამაღლებისათვის, 2024 წელს ჩვენ გავაგრძელებთ აკადემიაში არსებული სამხედრო დისციპლინების თავდაცვის ძალების მოთხოვნებზე ორიენტირებული სწავლების ხარისხის ამაღლებას საბრძოლო მომზადების (ტაქტიკა, სამხედრო ტოპოგრაფია, საცეცხლე მომზადება და ა.შ. ასევე სამხედრო-მხარდამჭერი სასწავლო კურსები) მიმართულებით. ხსენებულ პროცესში მთავარი ორიენტირი იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განახლება თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. ინსტრუქტორთა პროფესიული განვითარება და ტრენინგები სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდიკაში.
გარდა ამისა, თეორიულ სწავლებასთან ერთად ხელს შევუწყობთ იუნკერთა/მსმენელთა სამხედრო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების უფრო მეტად განვითარებას. აკადემია პრაქტიკულ სავარჯიშოებს და საველე სწავლებებს უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით. ვგეგმავთ, იუნკერებისათვის/მსმენელებისათვის ერთობლივ საველე სწავლებებს/გასვლებს მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, რომლებსაც აქვთ მონაწილეობის გამოცდილება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ განხორციელებულ სამხედრო წვრთნებში. ხსენებული საველე სწავლებების და კურსების განხორციელების ნაწილში ქმედითად იქნებიან ჩართულნი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობები, რომლებიც თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ აკადემიის იუნკერებსა და მსმენელებს.
2024 წელს აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა უცხო ქვეყნების პარტნიორ სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. პანდემიური ვითარების გამოცდილების გათვალისწინებით, თანამშრომლობა ასევე განხორციელდება დისტანციურ რეჟიმშიც. აკადემია უზრუნველყოფს დაგეგმილ პროგრამებში იუნკერთა/მსმენელთა მონაწილეობის თანაბარ ხელმისაწვდომობას.
2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება მაღალი რანგის სამეთაურო რგოლის ვიზიტები აკადემიაში, სპიკერების პროგრამის ფარგლებში, ვიზიტები სხვადასხვა უწყებებში, მარტოხელა მებრძოლის კურსი, სამთო მომზადების კურსი, წყალზე მომზადების და აერომობილური მომზადების კურსი. აღნიშნული სამხედრო პრაქტიკული სწავლებები ახალ საფეხურზე აიყვანს აკადემიაში მიმდინარე სამხედრო მომზადების დონეს.
1.1. იუნკერის ლიდერად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა
აკადემიაში უწყვეტად მიმდინარეობს ლიდერისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების იუნკერთათვის შესწავლა. სწავლების პროცესში, იუნკერთა მიერ უნარჩვევების გამომუშავებისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს იუნკერთა სხვადასხვა დონის სამეთაურო თანამდებობებზე განაწილებასა და როტაციაზე, ქვედანაყოფებში პრაქტიკის მიღებაზე, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა/შენარჩუნებაზე. აღსანიშნავია, რომ აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამოცანით მართვის ფილოსოფიის გააზრებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. „ამოცანით მართვის“ კულტურის დანერგვით აკადემიის კურსდამთავრებულები, შემდგომში როგორც უმცროსი მეთაურები საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ ინიციატივის გამოჩენას, გონივრული რისკების აღებას და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას.
1.2. კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება
სამხედრო მოსამსახურის ლიდერად ჩამოყალიბების განუყოფელ ნაწილად მიგვაჩნია იუნკერთათვის კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია აკადემიის მიერ განხორციელებულ პროგრამებში კრიტიკული აზროვნების, სამხედრო მოქმედების სცენარების და მოქმედების შემდგომი ანალიზის ინტეგრირება.
აკადემიაში სწავლის პერიოდში იუნკერები უნდა მიეჩვიონ ანალიტიკურ, კრიტიკულ და კრეატიულ აზროვნებას, გაითავისონ დისციპლინისა და კანონის უზენაესობა. აუცილებელია იუნკერებს ჩამოუყალიბდეთ სახელმწიფოებრივი აზროვნება და გააცნობიერონ თავისი, როგორც რიგითი მოქალაქის, ასევე, სამხედრო მოსამსახურის ვალი სამშობლოს წინაშე.
1.3. ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება
მაღალი ფიზიკური მომზადების გარეშე, შეუძლებელია იუნკერს, მსმენელს, აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონდეთ საკმარისი ფიზიკური რესურსი, ამტანობა და სიმტკიცე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. იუნკერებისათვის, მსმენელებისათვის, აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებისათვის მაღალი ფიზიკური მომზადების დონის გასაუმჯობესებლად ფიზიკური მომზადებისას პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს სამხედრო ამტანობის/გამძლეობის ვარჯიშები, სამხედრო ფიზიკური მომზადებისა და ფიზიკური მომზადების ინდივიდუალური (სპეციალური) პროგრამების შედგენა/განხორციელება.
აკადემიის ფიზიკური მომზადების პროგრამები და გეგმები უნდა ემსახურებოდეს იუნკერებისათვის, მსმენელებისათვის და აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფიზიკური მომზადების დონის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მომზადების დონის ამაღლებას.
2. ინსტიტუციური განვითარება
აკადემია არის თავდაცვის ძალების უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულება და არის მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, 2024 წელს ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოთხოვნების შესაბამისად დავიწყეთ იუნკერთა მიღება სამართლის და საავიაციო ინჟინერიის ახალ საბაკალავრო პროგრამებზე. აგრეთვე ვგეგმავთ აკადემიაში სწავლების მესამე საფეხურის – დოქტორანტურის შექმნას, რაც განაპირობებს აკადემიაში სწავლების სამივე საფეხურის არსებობას და აკადემიისათვის უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭებას, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სამხედრო, სახელმწიფოს უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული და სამოქალაქო პირების მიღებას.
გარდა ამისა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს/მუშაობს დისტანციური სწავლების ცენტრი, რომელიც თავდაცვის ძალების და თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნების და პრიორიტეტების გათვალისწინებით ამზადებს როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე სამოქალაქო პერსონალს. პირველად თავდაცვის ძალებში ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ 2022 წელს უმასპინძლა საერთაშორისო დისტანციური სწავლების კონფერენციას, რომელიც 2024 წლის ნოემბერშიც განხორციელდება კვლავ და ეს პროცესი იქნება განგრძობითი.
3. საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება
ვინაიდან, აკადემია არის საქართველოში ერთადერთი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სათანადოდ ვიაზრებთ რა ჩვენს მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობას ქვეყნისა და საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის. 2023 წელს აკადემიამ უზრუნველყო რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის შემუშავება და 2024 წლიდან აკადემია განახორციელებს რეზერვის უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის მომზადება-გამოშვებას.
თავდაცვის ძალებში ინგლისური უცხოური ენის ცოდნის დონის ამაღლებისათვის აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები, თავიანთი სასწავლო პროგრამების ფარგლებში, განახორცილებენ B2 (B2+) დონეზე ინგლისური, გერმანული, ფრანგული და თურქული ენების შესწავლას, მათ შორის ძირითადი შესასწავლი უცხოური ენის გარდა შეთავაზებულ იქნება არჩევითი უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და თურქული ენები).
2023 წელს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ წარმატებით გაიარა თავდაცვა და უსაფრთხოების საბაკალავრო და თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია.
2024 წელს კი იგეგმება თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის გამოყოფა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯიდან.
2024 წელს ასევე დაგეგმილია სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო და მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული რეაკრედიტაცია.
აკადემიაში იუნკერთა ცნობიერების გაზრდის და იდეების განხორციელების მიზნით შეიქმნა ინოვაციური ცენტრი.
4. სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების გაუმჯობესება
2024 წელს აკადემიაში კიდევ უფრო მეტად განვითარდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. აკადემია სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელებისას ორიენტირებული უნდა იყოს: თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოთხოვნებზე, აკადემიის საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდამჭერ სხვადასხვა საგრანტო პროექტის მოპოვებისა და განხორციელებისათვის საჭირო კვლევებზე.
ასევე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას შემდეგი მიმართულებებით: თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული მოთხოვნების შესაბამისად პრიორიტეტული მიმართულებებით კვლევითი საქმიანობა, საერთაშორისო და შიდა სამეცნიერო კვლევითი კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება და ჩატარება, საერთაშორისო გრანტების მოძიება-მოპოვება, ახალი კონტაქტების მოძიება და კომუნიკაციის დამყარება უცხოურ სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციებთან, სამეცნიერო ნაშრომთა კრებულების და საკონფერენციო ნაშრომთა ჟურნალების დაბეჭდვა-გამოცემა.
აკადემია წაახალისებს პირადი შემადგენლობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობასა და მათ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. გარდა ამისა, მხარს დაუჭერს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სამოქალაქო პირადი შემადგენლობის ჩართულობას კონფერენციების ჩატარებაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2024 წელს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურების მიზნით შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი „Think Tank”.
2024 წელს აკადემია უფრო მეტად განავითარებს ელექტრონული ბიბლიოთეკის სისტემას, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე წვდომას, რაც საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ, კვლევითი საქმიანობით დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ წვდომა მსოფლიოში არსებულ ელექტრონული სახის წიგნადი ფონდის მნიშვნელოვან ნაწილზე.
5. დისტანციური სწავლების ცენტრის განვითარება
საგანმანათლებლო სივრცეში არსებული უახლესი გამოწვევიდან გამომდინარე, 2024 წელს აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრმა უნდა გააფართოვოს მისი საქმიანობის არეალი. აღნიშული სტრუქტურული ერთეული მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რათა აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესი წარიმართოს შეფერხების გარეშე. 2024 წელს გაგრძელდება ცენტრის პირადი შემადგენლობის გადამზადება და უცხოელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება. ცენტრი უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებზე შეთავაზებული სწავლებების ჩატარებას, სამიზნე აუდიტორიისათვის ახალი ფასიანი კურსების შექმნას და უკვე არსებული კურსების ჩატარებას, დისტანციური სწავლების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, ინგლისური ენის ცოდნის შენარჩუნებისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოთხოვნების შესაბამისად სხვა საჭირო სასწავლო კურსების შექმნას/განხორციელებას.
აკადემიის იუნკერებისათვის/მსმენელებისათვის, თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის, ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობით გაიზრდება განათლების ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, ცენტრის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) სტანდარტებთან დაახლოებას.
6. საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება
ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში აკადემია კვლავ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-ს და ევროპის რეგიონის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამასთანავე, აკადემიის პრიორიტეტებიდან გამომდინარე მოხდება ახალი კავშირების დამყარება და შესაბამისად, დამატებითი შესაძლებლობების მოძიება აკადემიის იუნკერების, მსმენელების და პირადი შემადგენლობისთვის, რათა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მოკლევადიან/გრძელვადიან გაცვლით პროგრამებში და სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ითანამშრომლონ მსოფლიოს წამყვანი სამხედრო აკადემიების წარმომადგენლებთან.
2024 წელს გაგრძელდება ჩართულობა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ და „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ აქტივობებში. გაიზრდება პარტნიორ ქვეყნებთან დაგეგმილ სამხედრო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სპორტული ღონისძიებებისა და მათში ჩართული იუნკერების, მსმენელების, აკადემიური/მოწვეული პერსონალის და ინსტრუქტორების რაოდენობა.
საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, განსაკუთრებით კი სამაგისტრო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას 2024 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა, რათა მიზნობრივი და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით აკადემიამ ხელი შეუწყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას და დაწესებულების ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ასპარეზზე.
7. პირად შემადგენლობაზე ზრუნვა
აკადემიის წინაშე არსებული ნებისმიერი გამოწვევის გადასალახად, საჭიროა არა მხოლოდ კარგი ლიდერი, არამედ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე პირადი შემადგენლობა. მტკიცედ მწამს, რომ კომპეტენტური პირადი შემადგენლობა ნებისმიერი ამოცანის წარმატებით შესრულების ფუნდამენტია.
ზემოხსენებულის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2024 წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირად შემადგენლობის განვითარებაზე. აკადემიაში განხორციელდება პირადი შემადგენლობის განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებები აკადემიის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების კონცეფციის თანახმად, ასევე, განხორციელდება მაღალკვალიფიციური აკადემიური/მოწვეული პერსონალის მოზიდვა.
პირადი შემადგენლობის განვითარების მხარდასაჭერად, აკადემია გეგმავს განახორციელოს პროფესიული განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აკადემიის პირად შემადგენლობას შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.
8. მსმენელების/იუნკერების და აკადემიის თანამშრომლების სოციალური მხარდაჭერა
ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს/იუნკერებს, პირად შემადგენლობას/თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს 2024 წელსაც ექნებათ შესაძლებლობა უფასო ან შეღავათიანი მომსახურებით ისარგებლონ სხვადასხვა დაწესებულებებში (საგანმანათლებლო, სპორტული, სამედიცინო-სარეაბილიტაციო, კულტურულ-შემეცნებით და ბავშვთა გასართობ სივრცეებში) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აკადემია 2024 წელსაც გააგრძელებს მსმენელების/იუნკერების, პირად შემადგენლობის/თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას და საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ დახმარებას ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრელად.
აკადემია 2024 წელსაც განახორციელებს ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით არაერთ სოციალურ-საქველმოქმედო აქციას (სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება და სხვ.)
9. მსმენელების/იუნკერების და აკადემიის თანამშრომლების სერვისები
2024 წელსაც აკადემია განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს აკადემიის მსმენელების და იუნკერების ისეთი უნიკალური სერვისებით უზრუნველყოფაზე როგორებიც არის: თავდაცვის ძალებში 100%-იანი დასაქმებით უზრუნველყოფა; საცხოვრებლით, უფასო კვებით, აღჭურვილობით და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მატერიალური და ყველა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფა; სწავლების საფასურის სრულად დაფინანსებით და აკადემიის შიდა (მეოთხე კურსზე ფიქსირებული 1200 ლარი), დონალ რამსფელდის სახელობის და მუნიციპალიტეტების-მერიების სხვადასხვა სახის სტიპენდიებით, პერსონალური ლეპტოპით და კორპორატიული ნომრებით უზრუნველყოფა; საგანმანათლებლო და საინფორმაციო პლატფორმებზე, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე, ეროვნულ და საერთაშორისო ბიბლიოთეკების ელექტრონულ და მატერიალურ ლიტერატურაზე წვდომის უზრუნველყოფა.
აკადემია არა მხოლოდ მსმენელებს და იუნეკერებს სთავაზობს უნიკალურ სერვისებს, ამ მიმართულებით ის პირად შემადგენლობაზეც ზრუნავს და 2024 წელსაც შესთავაზებს ისეთ სერვისებს, როგორებიც არის საქართველოს ავტორიზირებულ უნივერსიტეტებში სწავლების 50%-ით დაფინანსებას; აკადემიის დისტანციურ სწავლების ცენტრში შექმნილი სხვადასხვა ონლაინ კურსების უფასოდ გავლას; საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელი და პროფესიული უნარ-ჩვევების განმავითარებელი კურსების/პროგრამების გავლას.
10. ლოჯისტიკური განვითარება
2024 წელს გაგრძელდება ინფრასტრუქტურის და მატერიალური საშუალებების განახლების პროცესი. გაგრძელდება შემეცნებითი, რეკრეაციული და სპორტული სივრცეების გაფართოება. იუნკერთა და მსმენელთა ზოგადი ცოდნის და მოტივაციის ამაღლების მიზნით კვლავ მოეწყობა ისეთი თემატური აუდიტორიები და საკლასო ოთახები, როგორებიც არის თავდაცვის ძალების ისტორიის და განვითარების კაბინეტი, ქართული სამხედრო არქეოლოგიის კაბინეტი, საქართველოს სამხედრო ერთეულების და ფორმირებების კაბინეტი, საქართველოს კონსტიტუციის კაბინეტი და სხვა. სამხედრო სწავლებების ხარისხის გასაუმჯობესებლად განახლდება არსებული და ასევე შეიქმნება ახალი სასწავლო სივრცეები. განხორციელდება უკეთესი სამედიცინო მომსახურება და სერვისები.
11. აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლება
აკადემიაში იუნკერთა, მსმენელთა და მაღალკვალიფიციური პერსონალის მოზიდვისათვის გაიზრდება აკადემიის ცნობადობის დონე. აღნიშული მიზნის მისაღწევად აკადემია გეგმავს სამიზნე ჯგუფების განსაზღვრასა და ინფორმირებას, რაც მოიცავს პრაქტიკულ საინფორმაციო შეხვედრებს აბიტურიენტებთან, ბეჭდვითი სარეკლამო მასალის განთავსებას საზოგადოებრივ ცენტრებში, სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსებას სოციალურ ქსელებში და მედია სივრცეში.
აკადემია განახორციელებს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად ინფორმაციის გავრცელებას, ცნობადობის ამაღლებას, წარმატებული იუნკერების/მსმენელების და პროფესორ-მასწავლებლების წარმოჩენით, საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციას და აღნიშნული პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის.