საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შედიან. “ქართული ოცნების” და “ხალხის ძალის” დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს “მონებს” და “რუსებს” ეძახიან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს. საუბარია მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნებზე და სავარაუდოდ, განხილვა ხანმოკლე იქნება.
ჩიტაძის ქუჩა სამართალდამცველებმა მომიტინგეებისგან დაახლოებით 1 საათის წინ გაათავისუფლეს. ამჟამად აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები, თუმცა უმრავლესობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში ავტომობილებით ჩიტაძის ქუჩიდან შედიან, სადაც გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე გაათენეს ღამე. მათი მიზანი იყო, დილას პარლამენტში არ შეეშვათ უმრავლესობის წევრი დეპუტატები.
“ქართულ ოცნებას” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მესამე საკომიტეტო მოსმენა დღეს, 09:00 საათზე აქვს დაგეგმილი.