„საქართველოს ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში, ეს პრინციპული არჩევანია და ხალხის გადასაწყვეტია რა მომავალს აირჩევს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს და ეწინააღმდეგება სამოქალაქო თავისუფლებებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველმა ხალხმა იცის თუ სადაა მათი მომავალი. ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრები. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან სახიფათოა და სამწუხაროდ, ასეთ დროს არ გაქვს არჩევანი იდგე შუაში. რუსეთმა ყველა მეზობელი ქვეყანა ისეთ პოზიციაში დააყენა, როდესაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ არჩევანი თავისუფლებასა და რუსეთს შორის. მე აქ ვარ, რადგანაც ესტონეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც ისტორიულად, ისე დღესაც. ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხი“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.
მისივე აზრით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის და ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროკავშირის გზას.