საფრანგეთში დღეს გამართულ საპროტესტო აქციებში 106 000 ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ 121 პირი დააკავა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში 106 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 24 000 პარიზში.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იყო მობილიზებული.
ამასთან, ახალგაზრდული პროფკავშირების გაერთიანება განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს. მათი შეფასებით, საპროტესტო აქციებში 200 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 100 000 პარიზში.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით 121 ადამიანი იყო დაკავებული.
ამასთან, ლიონში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ტელეკომპანია BFMTV-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. რონის დეპარტამენტის პრეფექტურის განცხადებით, დემონსტრანტები ტელეკომპანიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, რის გამოც მათ დასაცავად პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევა გახდა საჭირო.
