აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერმა საგანგებო ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გამართა.
„პირველ რიგში ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ჩავიდა ბათუმში. ასევე ზურაბ პატარაძის მომართვის საფუძველზე, საკითხის შესწავლამდე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა. აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი, შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.