გაზეთ Washington Post-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, აშშ-ში ასობით სამართალდამცველი ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდა.
„Washington Post-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, აშშ-ში ასობით სამართალდამცველი სექსუალურად ძალადობდა ბავშვებზე, ხოლო სისხლის სამართლის სისტემის ყველა დონის ოფიციალურმა პირებმა ვერ დაიცვეს ბავშვები, ვერ დასაჯეს მოძალადეები და თავიდან ვერ აიცილეს ახალი დანაშაულები“, – ნათქვამია გაზეთ Washington Post-ის გამოძიებაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა პოლიციელებმა გამოიყენეს თავიანთი ცოდნა სამართლებრივი სისტემის შესახებ საქმეების შესაჩერებლად, ბრალდების შესამცირებლად ან ნასამართლობის თავიდან ასაცილებლად.
„პროკურორებმა გულუხვი საპროცესო შეთანხმებები შესთავაზეს პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც აღიარეს არასრულწლოვანთა გაუპატიურება. მოსამართლეებმა კი ბევრ მსჯავრდებულ ოფიცერს საშუალება მისცეს, თავიდან აერიდებინათ პატიმრობა“, – დაადგინა ჟურნალისტურმა გამოძიებამ.
გაზეთ Washington Post-მა გამოავლინა, სულ მცირე, 1 800 სამართალდამცველი [შტატის ან ადგილობრივ დონეზე], რომლებსაც ბრალი ედებოდათ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებში 2005 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში.
ჟურნალისტებმა ერთ წელზე მეტი დახარჯეს სასამართლოში ათასობით სარჩელის, პოლიციის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების აღმოჩენაში, რათა გაეგოთ, ვინ არიან ეს ოფიცრები, როგორ იღებენ ისინი წვდომას ბავშვებზე და რა კეთდება და რა არ კეთდება მათ შესაჩერებლად.
გაზეთ Washington Post-მა დაადგინა, რომ 10-დან 1 ოფიცერს ბრალი ედება ბავშვზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის.
პოლიციის მხრიდან ამ ტიპის გადაცდომა საზოგადოებისთვის დიდწილად შეუმჩნეველი და სისხლის სამართლის სისტემის მიერ გაუთვალისწინებელი დარჩა.
Washington Post-თან საუბარში პოლიციის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, პროკურორმა და მოსამართლემ აღიარა, რომ მათ შეეძლოთ მეტი გაეკეთებინათ ოფიცრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით.
„ეს არის საზიზღარი საქციელი, რომელსაც ჩვენ ვერ შევეგუებით“, – განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწემ, კრისტენ კლარკმა.
