ჰაკერებმა Visa-ს, Mastercard-ისა და ამერიკული ბანკის JPMorgan Chase-ის მომხმარებლების მონაცემები გამოაქვეყნეს. კიბერშეტევის შედეგად, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანის ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი გახდა ხელმისაწვდომი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კიბერ-გამომძალველთა ჯგუფმა, სახელწოდებით n0n, აიღო. ჯგუფის განცხადებით, მათ მონაცემები მესამე მხარის მომსახურების მომწოდებლების სისტემებიდან მოიპარეს.
JPMorgan Chase-ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა შესაძლოა, მომსახურების მომწოდებლების მარკეტინგულ მონაცემებზე მიიღეს წვდომა, რაც მომხმარებლების სახელებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებს მოიცავდა. ბანკის განცხადებით, მისი სისტემები არ დაზიანებულა და მომსახურება შეფერხების გარეშე მუშაობს.
Visa-მ განაცხადა, რომ ინციდენტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოქმედ მესამე მხარის მომსახურების მომწოდებელს უკავშირდება. კომპანიის სისტემები არ დაზიანებულა და საბარათე მონაცემები, მათ შორის ბარათების ნომრები, არ გაჟონილა.
Mastercard-ის განცხადებით, შემთხვევის შედეგად მომხმარებელთა მცირე ჯგუფის ელექტრონული ფოსტის მისამართები გახდა ხელმისაწვდომი. კომპანიაში განმარტავენ, რომ გადახდების ქსელი და ბარათებით სარგებლობა არ შეფერხებულა.
