ექსპერტი მამუკა არეშიძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, საქართველოს არ გააჩნია ბერკეტი, გარდა განცხადებებისა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერისა.
”დიდი ხანია ეს იდეა ყალიბდებოდა, ზოგიერთი ქვედანაყოფი კი არა, სულ მთლიანად ”სამხრეთ ოსეთის” არმია, პრაქტიკულად გადადის რუსეთის არმიის შემადგენლობაში. რჩებიან მხოლოდ ე.წ სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. პირდაპირ ამას არავინ ამბობს, მაგრამ კულუარებში ჩანს, რომ რაც უფრო აქტიურია საქართველო ნატო-ს მიმართულებით, მით უფრო აქტიურია რუსეთი ამ სატელიტი ქვეყნების მიმართულებით. ჩვენ ამას უნდა ველოდოთ, არ უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენი პოლიტიკური ელიტა ხშირად ამბობს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მეშვეობით უნდა აღვკვეთოთ რუსეთის ეს ქმედება. სამწუხაროდ, არ გამოვა ეს ამბავი. დასავლელი პარტნიორების მეშვეობით, ვერ აღიკვეთა ჯერჯერობით ის რაც ხდება უკრაინაში, ან სირიაში. აქედან გამომდინარე, დასავლელი პარტნიორების ინტერესები ზუსტად ამ ორი რეგიონით არის დაკავებული. ჩვენ, სამწუხაროდ, ბერკეტები არ გაგვაჩნია, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. 2008 წელმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი აბსოლუტურად შეწყვიტა. ”სამხრეთ ოსეთის” 200 ჯარისკაცი შევა თუ არა რუსეთის თავდაცვის სისტემის შემადგენლობაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ”სამხრეთ ოსეთის” შეიარაღებული ძალები მთლიანად რუსეთის ჯარის შემადგენლობაშია ნიშნავს, რომ რუსეთის ჯარის ლეგიტიმურობის ხარისხი მოსკოვისთვის, ”სამხრეთ ოსეთში” გაიზარდა. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, გარდა განცხადებებისა, გარდა ეფემერული მხარდაჭერისა დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ნატო-სთან ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად, რუსეთი თავის აგრესიის ხარისხს გაზრდის”, – განაცხადა არეშიძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ წინადადება.