„თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა არის ის ფენომენი, რომელიც დგას სამოქალაქო თავისუფლებაზე და ფაქტიც სახეზეა, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დონდუამ ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ ინდექსში საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები სამოქალაქო თავისუფლების ინდექსში საწინდარია იმის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ნდობა საზოგადოების, ეკონომიკური აგენტების, ბიზნეს წრეების, რათა აწარმოონ კარგი ეკონომიკური ურთიერთობები.
„ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გრძელვადიანი პროგრესი სამოქალაქო თავისუფლების გაუმჯობესების კუთხით და 2012 წლის შემდეგ 11-წლიანი პროგრესით ვართ ევროპაში პირველ ადგილზე, მსოფლიო საუკეთესო ათეულში მეცხრეზე, ევრაზიის კონტინენტზე მესამეზე. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ეკონომიკური განვითარებისთვისაც და ფაქტიც სახეზეა, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ნდობა საზოგადოების, ეკონომიკური აგენტების, ბიზნეს წრეების იმისთვის, რომ აწარმოონ კარგი ეკონომიკური ურთიერთობები და ბიზნესი საქართველოში. ბუნებრივია, ეს დაფუძნებულია თავისუფლების შეგრძნებაზე“, – აღნიშნა მიხეილ დონდუამ.