„ქართული ოცნების“ პირობებში გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, ოპოზიციის პირობებში, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, ქვეყნის განადგურებას გამოიწვევდა.
„ოპოზიციას „მეორე ფრონტის“ რიტორიკა აწყობს. ჩვენ ოპოზიციის ირონიული კომენტარებიც გვახსოვს, რომ თუ რუსეთს უნდა შენი დაპყრობა ისედაც შემოვა და ა.შ. რაც, რა თქმა უნდა, არის მიამიტებისთვის. როდესაც რუსეთს შენთვის არ სცალია, თან ისე ძლიერადაც არ გამოიყურებოდა, მით უმეტეს 2 წლის წინ, შენ თუ მის გაღიზიანებას შეეცდები და ქმედებებს ჩაიდენ, ეს რა თქმა უნდა, ზრდის ალბათობას, რომ შენზეც გადმოერთოს. ჩვენს ოკუპაციას კი რა დასჭირდებოდა, 3-4 კვირა, თვე-ნახევარი მაქსიმუმ. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს ყურადღებას გააფანტვინებდა, მოუწევდა 40 000 გაწვრთნილი ჯარისკაცის აქ მოცდენა, რაც მისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავნადგურდებოდით“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორისგან მსგავსი რიტორიკა გასაკვირი არ არის, რადგან თვითონ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ლომჯარიამაც კი თქვა, რომ ასეთ მშვიდობასა და სანქციებზე არ მიერთებას „მირჩევნია ბომბების წვიმას ვხედავდე საქართველოშიო“.
„ოპოზიციის წევრები გვაბრალებდნენ იმასაც, რომ თითქოს საქართველო რუსეთისთვის, სანქციების მხრივ, შავი ხვრელია. ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევით ჩამოვიდნენ ამერიკელები, ევროპელები, ბრიტანელები და დაადასტურეს, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ახლა ოპოზიცია მზადაა ნებისმიერი დავალება შეასრულოს უცხოელი უფროსებისაგან და ამაში ჩვენი ფუნდამენტური განსხვავება, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, ოპოზიციის პირობებში, სამწუხაროდ ეს ასე არ არის“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.