რუსული ძალების არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორისაა 12 წლის ბიჭი. უკრაინული მედიის ცნობით, ხუთმა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
რაკეტა საცხოვრებელ კორპუსთან, საბავშვო მოედანზე ჩავარდა. მანამდე ქალაქ ნიკოლაევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქალაქის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში ყოფნისკენ მოუწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.
„რუსეთი თავისი ტერორით ყოველდღე ამტკიცებს, რომ მასზე ზეწოლა არასაკმარისია. სიცოცხლეების ასეთი განადგურება უნდა შეჩერდეს. ჩვენი თავდაცვისთვის ახალი გადაწყვეტილებებია საჭირო. რუსეთმა უნდა იგრძნოს მსოფლიოს ძალა“, – წერს სოციალურ ქსელში ზელენსკი.
წინასწარი მონაცემებით, ნიკოლაევის საცხოვრებელი ზონა რუსული „ხ-59“-ის ტიპის რაკეტით დაიბომბა.