ბანგლადეშში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვმა 105-ს მიაღწია.
მასობრივ აქციებთან დაკავშირებით ბანგლადეშის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა და საჯარო სივრცეში შეკრებები აკრძალა.
მოვლენების ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ დაკაშია, სადაც ასობით სტუდენტმა ქუჩები გადაკეტა და პოლიციას დაუპირისპირდა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ბანგლადეშის დედაქალაქში სროლის ხმა ისმოდა და 19 ივლისი გახდა ყველაზე ტრაგიკული დღე, რადგან დაპირისპირებას, სულ მცირე, 52 ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია ათასობით დაშავებულის შესახებ.
ქვეყანაში შეფერხებულია ტელემაუწყებლობა და მობილური კავშირი.
ბანგლადეშში საპროტესტო აქციები სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ, რამდენიმე კვირაა, გრძელდება და გაძლიერდა ამ კვირაში, მას შემდეგ, რაც 15 ივლისს დაკას უნივერსიტეტის კამპუსში დემონსტრანტებს, პოლიციასა და პროსამთავრობო სტუდენტ აქტივისტებს შორის ძალადობა მოხდა. 16 ივლისს, ბანგლადეშში ექვსი ადამიანის დაღუპვის შემდეგ მთავრობამ გასცა ბრძანება ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტების დახურვის შესახებ და პოლიციამ მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბბინაში ჩხრეკა ჩაატარა.
კვოტირების სისტემით, სამუშაო ადგილების დაახლოებით 30 პროცენტი გამოიყოფა ყოფილი სამხედრო პერსონალის შთამომავლებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის პაკისტანის წინააღმდეგ 1971 წელს. უფრო მცირე კვოტა გამოიყოფა ქალებისთვის, შშმ პირებისთვის და ღარიბი უბნების მოსახლეობისთვის. კვოტირების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, სისტემა დისკრიმინაციულია და სარგებელი მოაქვს პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას მხარდამჭერებისთვის, რომლის პარტია „ავამი ლიგა“ ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის მოძრაობას და ხელისუფლებაშია ბოლო 15 წლის განმავლობაში.