ისრაელის იერიში იემენში მათ მტრებს უჩვენებს, რომ “არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
„ისრაელის მტრებისთვის გზავნილი მაქვს – ჩვენთან დაკავშირებით არ შეცდეთ, საკუთარ თავს ყველა ფრონტზე ყველა საშუალებით დავიცავთ. ნებისმიერს, ვინც გვავნებს, აგრესიისთვის ძალიან ძვირად ვაზღვევინებთ. ყველას, ვისაც სურს, რომ სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი იხილოს, ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ უნდა დადგეს და მხარი უნდა დაუჭიროს ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლას – იემენში, ღაზაში, ლიბანში, ყველგან.
პორტი, რომელსაც თავს დავესხით, უდანაშაულო პორტი არ ყოფილა, სამხედრო მიზნებისთვის ხმარობდნენ და ირანის მიერ ჰუსიტებისთვის მიწოდებული მომაკვდინებელი იარაღების შეტანის პუნქტად გამოიყენებოდა. ამ იარაღებს კი ისრაელზე, რეგიონში სახელმწიფოებსა და მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საზღვაო ხაზებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. ბოლო რვა თვის განმავლობაში, ჰუსიტებმა ისრაელის წინააღმდეგ ასობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და დრონი ისროლეს“,- თქვა ნეთანიაჰუმ.