კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „რეპორტიორთან” საუბარში პრეზიდენტის მიერ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადების ფაქტს გამოეხმაურა. ხაინდრავას თქმით, საქართველოს პირველი პირი ქვეყნის უსაფრთხოებას ეთამაშება.
„ვფიქრობ, ნათლად ჩანს რა გზა აირჩია გიორგი მარგველაშვილმა თავის მოღვაწეობაში. ეს გზა მას ძალიან უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში აყენებს. ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება და მასთან თამაშს ახორციელებს მარგველაშვილი და მისი გუნდი, რომელიც, როგორც მათი გადაწყვეტილებებით ჩანს, აბსოლუტურად არაკომპეტენტურია. ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა ჩვენისთანა ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ უსაფრთხოება, რომლის მიჯნაზე ვიმყოფებით და კარგად იცით, რა სამყარო იწყება ჩვენს საზღვრებს მიღმა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, რაზეც, სამწუხაროდ, მარგველაშვილი არ ფიქრობს, ისე არის საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებით გართული.
ხაინდრავამ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ წუხს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე, რადგან მას საქართველოში პრეზიდენტად აღარავინ აირჩევს.
„რატომ წუხს მარგველაშვილი, რა პრინციპით იქნება პრეზიდენტის არჩევნები, ეს ჩემთვის გაუგებარია. შეიძლება სხვადასხვა ძალები ან პოლიტიკური ფიგურები ამაზე წუხდნენ, ვისაც შეიძლება პრეტენზია ან იმედი ჰქონდეს – ეკა მიშველაძის ჩათვლით, რადგან მას, შესაძლოა, ჰიპოთეტური შანსი აქვს, პრეზიდენტად აირჩიონ, მაგრამ რა პრინციპითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, მარგველაშვილს რომ აღარავინ აირჩევს, ამაში, ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება. ამიტომ, სხვადასხვა საკითხზე მისი გაუთავებელი წუხილები ისეთ ელფერს იძენს, რომ სასაცილოც აღარ არის და ტრაგიკული ხდება ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მისთვის”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.