ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება. მოწმეთა გამოკითხვები მიმდინარეობს როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საგამოძიებო სამსახურებში. ერთ-ერთი ვინც დღეს, გამოძიებას ბათუმში ჩვენება მისცა ავთანდილ სურმანიძეა.
როგორც საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ავთანდილ სურმანიძემ განაცხადა, ის იცნობს და მეგობრობს უკრაინაში მყოფ, საქართველოს ყოფილ მაღაჩინოსნებთან.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა განმიმარტეს, რომ დაახლოებით ჩემი დაბარების მიზეზი იყო უკრაინასთან ურთიერთობა. უკრაინელ მაღალჩინოსნებთან ძალიან დიდი ურთიერთობა კარგად არ მქონია, მაგრამ ქართველი პლიტიკოსებიდან იყვნენ ჩემთან მოსული. პოლიტიკოსები რა, მე უფრო დავარქმევდი ვისთანაც მაქვს მეგობრული ურთიერთობა, იყო ლევან ვარშალომიძე, გუჯა ბაგრატიონი იყო მოსული, ლევან ანტაძე, გიორგი კირთაძე იყო მოსული, კობა ხაბაძი იყო მოსული ვისთანაც მაქვს ძალიან კარგი ურთირთობა, დიდი ხნის განმავლობაში მაკავშირებდა და დღესაც გრძელდება.
უკრაინაში საავადმყოფოში ასევე, გიორგი ვაშაძე იყო ჩამოსული ორჯერ და გაიცნო იქ დაჭრილი სამხედროები მაგრამ უკრაინელ პოლიტიკოსებთან მე ახლო შეხება არ მქონია“,-განაცხადა ავთანილ სურმანიძემ.
სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.