„თქვენ ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ ნარკოტიკების ჩადებაზე“, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ საპარლამენტო უმცირესობას.
კილაძემ სამართალდამცავების მიერ ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებსა და განცხადებებს ”უპასუხისმგებლო” უწოდა და აქვე აღნიშნა, რომ ”ზოგიერთი, პასუხისგებას რომ გაექცეს, ამიტომ რაღაც განცხადებებს აკეთებს”.
”ჩემთან, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან თქვენს დროს რეპრესირებული უამრავი ადამიანი მოდის და ჩივიან, რომ მათ სწორედ ნარკოტიკების ჩადების გამო წლები ციხეში გაატარეს – იმ გაუსაძლის საპატიმროებში, რომელიც თქვენ დროს იყო! თქვენგან განსხვავებით, დღეს, თუკი ვინმე რამეს დააშავებს – ჩვენი გუნდი მთლიანად, პრემიერის ხელმძღვანელობით და მათ შორის მეც, როგორც ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი, პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ დაისაჯოს ყველა ადამიანი. ასეთი არაერთი გინახავთ, არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირს – თუ ვინმე რაიმეს დააშავებს, პასუხისგებაში აუცილებად მიეცემა! ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და ამას ვაკეთებ ჩვენ თქვენგან განსხვავებით”, – განაცხადა სოფო კილაძემ.