ჩიკაგოში, ისრაელის საკონსულოსთან გამართულ ისრაელის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ, სულ მცირე, 55 ადამიანი დააკავეს.
ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ეს სიტუაცია „ქალაქისთვის საშიშ მოვლენად“ შეაფასა.
„ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტმა ყველაფერი გააკეთა ამ სიტუაციის განსამუხტად, მაგრამ არსებობს ზღვარი“, – განაცხადა ჩიკაგოს პოლიციის უფროსმა, ლარი სნელინგმა.
მისივე თქმით, პროპალესტინელ, ანტიისრაელელ დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება დემონსტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო, როდესაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციელთა უსაფრთხოების ჯებირზე იერიში მიიტანა.
„ჩვენ არ ვყოფილვართ ძალადობის ინიციატორები, მაგრამ ვუპასუხეთ მათ“, – განაცხადა სნელინგმა.
სნელინგმა აღნიშნა, რომ ორი ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, დაშავდა ორი პოლიციელი, თუმცა მათ უარი თქვეს სამედიცინო დახმარებაზე, რადგან არ სურდათ თანამშრომლების დატოვება. მისივე თქმით, დაკავებულთა შორის სამი ჟურნალისტია.
შეგახსენებთ, ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ყრილობის მიმდინარეობის პარალელურად პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია, რამდრნიმე დღეა, გრძელდება. აქციის მონაწილეები ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერას აპროტესტებენ და ამ ქვეყნისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ითხოვენ.