ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ კიევი და მოსკოვი უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და კრიზისიდან გამოსავალი გზები მონახონ.
„გზა [კონფლიქტის] გადაწყვეტისკენ მხოლოდ დიალოგსა და დიპლომატიაზე გადის. და ჩვენ დროის დაკარგვის გარეშე ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ. ორივე მხარე უნდა დასხდეს და კრიზისიდან გამოსავალი მოძებნოს“, – თქვა მოდიმ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან ზელენსკის აგრეთვე უთხრა, რომ ინდოეთი მზადაა აქტიური როლი შეასრულოს მშვიდობის დამყარების საქმეში. „თუ მე რამე როლის შესრულება შემეძლება ამ საქმეში, მე ამას ვიზამ, მინდა დაგარწმუნოთ, როგორც მეგობარმა“, – დასძინა მან.
მოდი უკრაინაში პარასკევს ჩავიდა. ეს არის უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი. ზელენსკიმ ვიზიტს უკვე უწოდა ისტორიული.