ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრის კენჭს.
მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ათასამდე ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლებას, ხუთიათასამდე მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირებასა და პენიტენციური დაწესებულების ეტაპობრივად დატოვებას ითვალისწინებს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამნისტიის მიზანი პატიმრების რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება და ჰუმანურ აქტსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვაა.
„ფაქტია, რომ ეს 6 ათასამდე ადამიანს ეხება. ფაქტია, რომ მათი ძალიან დიდი ნაწილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო ძალიან ბევრს შეუმცირდება ის ვადა, რომელიც საპყრობილეში უნდა გაატაროს და ეს არის მისასალმებელი“, – აღნიშნავს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.