ნიუ-იორკის მოსამართლემ დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მოსამართლემ განაცხადა, რომ მას სურს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავიდან აიცილოს პოლიტიკური მოტივის დაუსაბუთებელი აღქმა.
მიმდინარე წლის მაისში დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.
საუბრია პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდაზე.
გასული წლის 30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას.
მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო.
დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დენიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.