პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ისტორიული დღე – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლა მიულოცა.
„ჩვენმა ხალხმა უკვე მრავალჯერ დაადასტურა თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა, რაც უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის ერთსულოვნების, მოთმინებისა და შრომის შედეგია”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით თანმიმდევრული, მიზანმიმართული და ქმედითი პოლიტიკით შესაძლებელი გახდა ამ პრაქტიკული და სიმბოლური შედეგის მიღწევა.
„წლების განმავლობაში პარლამენტში იქმნებოდა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი ბაზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ფუნდამენტია. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ შრომატევად საქმეში და იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთივე შემართებით განვაგრძობთ სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ. ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ჩვენი მოქალაქეები ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ ევროპაში. ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება უზრუნველყოფს არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების თავისუფლებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირი აღნიშნავს დაფუძნების 60 წლისთავს.. მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის მშენებლობის 60 წელს. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ოცნებას და მოსწრაფებას – მეტი ძალისხმევით ვიზრუნოთ თანამედროვე ევროპის დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის და წავახალისოთ ადამიანების ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანსაღი გარემო, შრომის ღირსეული პირობები და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალ ევროპასთან თავისუფალ მიმოსვლას და ვუსურვებ ერთსულოვნებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – განაცხადა კობახიძემ.