„ჭიათურა მენეჯმენტ“ კომპანიის სოციალური პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მირიან ბიჭიკაშვილი აცხადებს, რომ შუქრუთის აქციის ჯგუფმა, რომელმაც ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა საკომპენსაციო თანხები სრულად აიღო.
„დღის ქრონიკის“ წამყვანმა მირიან ბიჭიკაშვილს ჰკითხა, რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი ის ნაბიჯები აქციის მონაწილეთათვის, რაც კომპანიამ გადადგა.
„დაახლოებით 6 თვის უკან სოფელ შუქრუთის რამდენიმე მცხოვრებმა, იმ პირებმა, რომლებსაც აღებული აქვთ სრულად ანაზღაურება, გადაკეტეს მაღარო, შესაბამისად, შეფერხდა კომპანიის მუშაობა და ფაქტობრივად 6 თვეა კომპანია ვეღარ ფუნქციონირებს. მათ ასევე გათიშეს ვენტილაცია, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაღაროებში არ მოხდეს ჩამოშლითი პროცესები. შესაბამისად, ძალზედ რთული მდგომარეობაა.
ამის მიუხედავად, გვიწევს თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა კომპანიისთვის, ასევე იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. ჩვენთვისაც გაუგებარია, რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი ის ნაბიჯები, რაც კომპანიამ გადადგა. მოგეხსენებათ, სოფელ შუქრუთთან გვქონდა მემორანდუმი გაფორმებული, რომლის საფუძველზეც ვიკისრეთ ვალდებულება, რომ ავუნაზღაურებდით ამ ხალხს იმ სახლების ღირებულებას, რომელსაც დავაზიანებდით. 12 მილიონზე მეტი უკვე გადავიხადეთ და ის პირები რატომ არ კმაყოფილდებიან, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია. ისინი დაეთანხმნენ იმ ღირებულებას, როგორც შეფასდა მათი საკუთრება 2021 წელს და მივეცით ის თანხა, რაც ორივე მხარის მიერ იყო შეთანხმებული“, – აღნიშნა ბიჭიკაშვილმა.
მოსახლეობა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად გარემოსა და საცხოვრებელ სახლებზე მიყენებულ ზიანს აპროტესტებს. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ კომპანიის მიერ მადნის ღია კარიერული მოპოვების შედეგად, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარემოს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეკლესია და სასაფლაოები. აქციის მონაწილეებს სურთ, რომ კომპანიამ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2021 წლის შეთანხმებით აქვს აღებული. კერძოდ, პროტესტის მონაწილეები მაღაროების მუშაობის გაჩერებასა და კომპენსაციების გაცემას მოითხოვენ.