ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წარმატებით განხორციელდა.
მიმდინარე წელს ბანაკმა 13 ნაკადად 3200-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით. თითო ნაკადზე ბანაკმა უმასპინძლა 18-25 წლის 240 მონაწილეს. ბოლო ნაკადის ფარგლებში ბანაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ.
შემაჯამებელ ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი ესწრებოდნენ.
ვახტანგ ბააკაშვილმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ განხორციელებულ ახალგაზრდულ ბანაკებზე ისაუბრა. ასევე მადლობა გადაუხადა ბანაკის სათანადო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ ყველა პირს.
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მიზანია: ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
საბანაკე პროგრამა ხუთდღიანი იყო და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის საჭირო სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით. ამასთან, ბანაკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან და საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.
აღსანიშნავია, რომ წელს საზაფხულო ბანაკების გახსნამდე, 160 შერჩეულ ახალგაზრდას ლიდერების გადასამზადებელი ტრენინგი ჩაუტარდათ. ისინი გაეცნენ ბანაკების მუშაობის პრინციპსა და მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც შეესაბამება ბანაკის მონაწილეთა ინტერესებს. ტრენინგის შემდგომ შერჩეული საუკეთესო ლიდერები დასაქმდნენ შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში. აღნიშნული მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება და ყოველწლიურად, ისევე როგორც მიმდინარე წელს, ახალგაზრდულ ბანაკებში 250-მდე ლიდერი დასაქმდება.
ინფორმაციისთვის: 2024 წელს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალგაზრდულმა ბანაკებმა (ანაკლია, შაორი, თემატური) 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. ხოლო, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა ჯარის ბანაკის პროექტი.