იოავ გალანტის თქმით, ისრაელი „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოგვარების პერსპექტივას ვერ ხედავს. შესაბამისი კომენტარი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილესთან ამოს ხოხშტაინთან შეხვედრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე, ათობით ათასი ისრაელელის შინ დაბრუნებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა დიდი სამხედრო ოპერაციაა.
„შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის ფანჯარა იხურება, „ჰეზბოლა“ კი განაგრძობს საკუთარი თავის „ჰამასზე“ მიბმას და კონფლიქტის დასრულებაზე უარს ამბობს. შესაბამისად, ჩრდილოეთით ისრაელელების სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებად სამხედრო ქმედებები დარჩება“, – განაცხადა მინისტრმა.
მიზეზად გალანტი, „ჰეზბოლას“ აქტივობას ასახელებს. პარალელურად კი, ცნობას ისრაელთან ხანგრძლივი და დამანგრეველი ომისთვის მზაობის შესახებ „ჰამასიც“ ავრცელებს. დაჯგუფების პოლიტიკური მეთაურის, იაჰია სინვარის თქმით, ისრაელის დამარცხებას ღაზაში მყოფი მებრძოლები და ერაყში, ლიბანსა და იემენში, ირანის მოკავშირე ჯგუფები ერთობლივად შეეცდებიან.